ჩვენი სამინისტრო იქნება ყველა ინვესტორის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენი სამინისტრო იქნება ყველა ინვესტორის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი - იქნება ეს მცირე, საშუალო თუ მსხვილი ინვესტიცია" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და ბიზნესის სექტორების წარმომადგენლებმა. კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ეკონომიკის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით მთავრობის ძალისხმევას, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნესს, მათ შორის, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებასა და შემცირებაში.
„ჩვენ ვქმნით ახალ ფორმატს, „ერთი ფანჯრის პრინციპს" იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს კერძო სექტორის კოორდინაცია სხვადასხვა სამინისტროებთან. ეკონომიკის სამინისტრო იქნება თქვენი მხარდამჭერი, რომ სწრაფად, კონკრეტულ ვადებში მიიღოთ უკუკავშირი და არ გქონდეთ შეფერხება ამ კუთხით" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826