ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია 10-მდე ფრენა ყოველდღიურად ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან - ლევან დავითაშვილი
„ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან" პირდაპირი ფრენების ზრდაზე და სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. მივიღეთ შეთანხმება, რომ მალე ჩინეთთან დღეში, მინიმუმ, 1 ფრენა გვექნება, მაგრამ ჩვენი ამბიცია უფრო მეტია - პირდაპირ გეტყვით, დღეში შეიძლება 10-მდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც იქნება შესამჩნევი და ხელშესახებ შედეგს მოიტანს ეკონომიკური თვალსაზრისით," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე აუცილებელია ჩინეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ცნობადობის გაზრდა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი ჩინელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება, რათა ტურისტული დანიშნულების ქვეყანა - საქართველო ჩინეთში გახდეს უფრო პოპულარული. ვიმუშავებთ ჩინელ პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ უფრო მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული კამპანიები გვქონდეს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარება, რომელმაც უნდა გაზარდოს ჩინეთში საქართველოსადმი დაინტერესება, პირდაპირ უკავშირდება ფრენების საკითხსაც, რადგან, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენები ავიაკომპანიებისთვის არ იქნება კომერციულად მიმზიდველი მათზე მოთხოვნის გარეშე.
„ჩვენს სამინისტროს ბევრი ექნება სამუშაო ფრენების მოთხოვნის გენერირების მიმართულებით. პირველ ეტაპზე, გვექნება მინიმუმ ერთი რეისი დღეში, კვირაში 7 რეისი. ეს იქნება სამმხრივი ფრენა - პეკინი - ურუმჩი - თბილისი. საბოლოოდ, გვინდა, რომ პირდაპირი დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826