ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი
არაფერი იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა და მინუს 10 და მეტ პროცენტში იქნებოდა ეკონომიკური ვარდნა და პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ სამშობლო გაყიდული, არ მოვერიდები ამის თქმას, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ე.წ. პოლიტიკოსები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შარშან ჩვენ გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი - 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა. ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი. წელს ასევე კარგად დავიწყეთ წელი, მეორე კვარტალში თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც შეადგინა 505 მილიონი დოლარი და ჯამურად, პირველ 6 თვეში, იანვარ-ივნისში მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცემულობა. რა თქმა უნდა ეს ძალიან გვახარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აქ პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი, ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას. აქვე მინდა ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს შევახსენო, არაფერი იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა და მინუს 10 და მეტ პროცენტში, იქნებოდა ეკონომიკური ვარდნა და პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ სამშობლო გაყიდული, არ მოვერიდები ამის თქმას, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ე.წ. პოლიტიკოსები. ეს არის სხვაობა. ჩვენ რა თქმა უნდა ამას შევინარჩუნებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826