ჩვენს ავიაბაზარზე Air Serbia-ს შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო მიმდინარე წელს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის - 15 ივნისიდან სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს შეასრულებს ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა დადებითი დინამიკის მაჩვენებელი და იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მოთხოვნად ტურისტულ მიმართულება რჩება საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ევროპის ქვეყნებისთვის.
„Air Serbia-ს გადაწყვეტილება, რომ წელსვე, ივნისის თვიდან დაიწყოს ოპერირება, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონი განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ეს არის სრულიად ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის სექტორებისთვის, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთი, ახალი ქვეყნიდან შევძლებთ დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას, ამას კი ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების არსებობა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები ამ დრომდე არასდროს განხორციელებულა. საქართველოს ავიაბაზარზე Air Serbia-ს შემოსვლას წინ უძღოდა აქტიური მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და სერბეთის ავიაკომპანიას შორის, რის შედეგადაც ავიაკომპანია ოპერირებას მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს - ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.
„რა თქმა უნდა, სერბეთიდან პირდაპირი ფრენები ერთი მხრივ იქნება დამატებითი სტიმული ტურიზმის სექტორის და ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციისთვის და მეორე მხრივ, გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ ქართველ მეწარმეებს, რაც დადებითად აისახება ინდუსტრიის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის მგზავრთნაკადის მაჩვენებელი მზარდი დინამიკით ხასიათდება - კერძოდ, 2024 წელს, ქვეყნებს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეადგინა, რაც 2023 წლის მონაცემებს 66 %-ით აღემატება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826