ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ, ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად თბილისი-ბათუმის მატარებლით იმგზავრა. მგზავრობის დრომ 5 საათისა და 35 წუთის ნაცვლად, მხოლოდ 4 საათი შეადგინა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს რკინიგზისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან სამგზავრო მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ მგზავრობის დროის შემცირება იყო.
„როდესაც წარვადგინეთ ერთი მხრივ, საქართველოს რკინიგზის შედეგები და მეორე მხრივ, ის გეგმები, რომელიც დაისახა მიმდინარე წელს, ისევე როგორც მომდევნო ორ წელზე, ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი სამგზავრო მიმართულებით, ეს გახლდათ თბილისი-ბათუმის მარშრუტის 5 საათნახევრიდან 4 საათამდე შემცირება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს იყო საკმაოდ კომპლექსური საოპერაციო გადაწყვეტა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზას მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის. მინისტრის შეფასებით, სამგზავრო დროის შემცირება განსაკუთრებით პოზიტიურად ტურიზმის სექტორზე აისახება.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას ამ ძალიან მნიშვნელოვანი, გაწეული სამუშაოსთვის, ეფექტური მუშაობისთვის. ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე ზოგადად შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრა
06.08.2026.17:42
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იმგზავრა.
პრემიერმა რკინიგზაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია გაგრძელდება.
„დღეს ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და ახლა შემცირებულია 4 საათამდე, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის. ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა სათანადო ვადებში იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ლიანდაგის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად გაიზარდა სიჩქარე და მოიხსნა შეზღუდვები ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის.
სამგზავრო დროის შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამ. სარკინიგზო ხაზის გასწვრივ წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. გარდა ამისა, მიმდინარეობს მატარებლების კაპიტალური შეკეთება, ასევე დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები.