ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი
„შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პასუხისმგებლიანი მმართველობისა და უსაფრთხოების გლობალურ დიალოგში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში".
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, დღეს ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის, არამედ გლობალური ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ წამყვან ქვეყნებთან, გლობალურ კომპანიებთან, მოვიზიდოთ ცოდნა და რესურსი იმისათვის, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე
10.08.2026.20:50
„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.