ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა - თამარ იოსელიანი
„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტიციები მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო, საავიაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ვაზიანში ახალ საერთაშორისო აეროპორტს.
„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10-წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ახალ სეზონზე მგზავრთა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მომსახურების მიმართულებით არაერთ სიახლეს ნერგავს - დეტალები
24.09.2026.10:00
15 სექტემბრიდან ბაქოს რკინიგზის სადგურზე მგზავრთა ნაკადის უფრო მოქნილი მართვის მიზნით ახალი დარბაზი ამოქმედდება. აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით ხელს შეუწყობს პიკის საათებში მგზავრთა უფრო შეუფერხებელ გადაადგილებას.
15 სექტემბრიდან უფრო კომფორტული და ეფექტიანი მგზავრობის უზრუნველსაყოფად ხირდალანი–ბაქოს მიმართულებაზე მატარებლით მგზავრობის დრო შემცირდება. ახალი განრიგის ამოქმედების შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა 35 წუთამდე შემცირდება.
ამჟამად, ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, ხირდალანი–ბილაჯარის მონაკვეთზე სარკინიგზო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ მიმართულებით მგზავრობის დრო 45 წუთს შეადგენს. დაგეგმილი ცვლილება მგზავრებს დროის დაზოგვისა და მგზავრობის უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს. ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარე კიდევ უფრო გაიზრდება და ბაქო–ხირდალანის მიმართულებით მგზავრობის დრო, როგორც ადრე, 26 წუთამდე შემცირდება. ამასთან, ხირდალანი–სუმგაითის მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობაც აღდგება.
ახალი განრიგის მიხედვით, ბაქო–ხირდალანი–ბაქოს მიმართულებაზე რეისების რაოდენობა 26-დან 32-მდე გაიზარდა. ხირდალანის მიმართულებით მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით, დილის საათებში ორი დამატებითი რეისი დაემატა. ამასთან, ბაქო–ხირდალანის მიმართულებაზე ახალი, 20:30 საათზე გასასვლელი საღამოს რეისი დაინიშნა. ჯამში, საგარეუბნო მატარებლების ყოველდღიური რეისების რაოდენობა 90-დან 96-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესების მიზნით, უკონტაქტო გადახდის შესაძლებლობებიც გაფართოვდა. Visa-ს ბარათებთან ერთად, მგზავრებს ახლა Mastercard-ის ბარათებითაც შეუძლიათ საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა.
ელექტრონული გადახდის შესაძლებლობების გასაფართოებლად დამატებით 58 ვალიდატორი დამონტაჟდა ბაქოსა და საბუნჩუს სადგურების, ასევე პირიშაგის, ხირდალანის, ქოროღლუს, ბაქიხანოვის, მამადლისა და დარნაგულის სადგურებსა და გაჩერებებზე არსებულ ტურნიკეტებთან. მათი საშუალებით მგზავრებს სადგურზე შესვლა საბანკო ბარათებითაც შეუძლიათ. სიახლე ალტერნატიული გადახდის მეთოდების უფრო ფართოდ გამოყენებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს სარკინიგზო ტრანსპორტში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მგზავრთა კომფორტის ზრდასა და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენების გაფართოებას.