ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. რაც უფრო მეტი ფერმა იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან რძის ფასი გაიაფდება და შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას - „სანტეს“ იურისტი
კომპანია „სანტეს“ წარმომადგენელმა, გიორგი გეწაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე იმ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კომპანია დგას.
გიორგი გეწაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია. ის ასევე, მომწოდებლების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თუ ფერმერული სექტორი განვითარდება და მეტი რძის მწარმოებელი კომპანია გაჩნდება, კონკურენცია გაიზრდება, რძე გაიაფდება და საბოლოო პროდუქტის ფასიც შემცირდება.
„ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. თუ რამენაირად მოხდება ის, რომ ეს სექტორი განვითარდება, ფერმერებს ვგულისხმობთ, რომლებიც რძეს აწარმოებენ.... ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი, მაგალითად „ყვარლის ბაგის“ და ასევე სხვებთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა რაც უფრო მეტი ასეთი ფერმა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის იმიტომ, რომ რძის ფასი ამით გაიაფდება და ნედლეულის ფასის გაიაფება შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას“, - აღნიშნა კომპანიის იურისტმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826