Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში - ირაკლი კობახიძე
Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ორბი ჯგუფს" და „ბლოკ ჯგუფს" და აღნიშნა, რომ ეს ორი კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
„ეს არის 43-სართულიანი კომპლექსი და მის არქიტექტურაზე მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანულმა სტუდიამ, WilkinsonEyre-მა იზრუნა, რაც არის იმის გარანტია, რომ სათანადო გემოვნებით, ძალიან მაღალი და დახვეწილი გემოვნებით განხორციელდება პროექტი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „ორბი ჯგუფს" და „ბლოკ ჯგუფს", რომლებიც არიან პროექტის სულისჩამდგმელები. „ორბი ჯგუფი" მსოფლიოს 22 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო „ბლოკ ჯგუფი" აქტიურად საქმიანობს როგორც საქართველოში, ისე ლათინურ ამერიკაში. კომპანიებს ჯამში, 5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და 15 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. „ორბი ჯგუფს" ეკუთვნის ბათუმში შექმნილი მსოფლიოში უდიდესი, 11 800-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი Orbi City. ამ ორი კომპანიის პარტნიორობით ხორციელდება ასევე თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მოიცავს დედაქალაქში მიმდინარე 550 მილიონი დოლარის ინვესტიციით - Central Park Towers, სადაც თავს 15 წამყვანი მსოფლიო ბრენდი მოიყრის. ეს პროექტები თავისთავად მეტყველებს ამ ორი კომპანიის მასშტაბზე და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ასევე, Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ამ ღონისძიების საპატიო სტუმარს - რონალდინიოს. მოხარული ვარ, რომ ის სიმბოლურად არის პირველი შემძენი საკუთრების ამ ახალ პროექტში და იმედს ვიტოვებ, ამის შემდეგ ის კიდევ უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას და ამ ულამაზეს ქალაქს, ბათუმს. ყველას მადლობას გიხდით, ამ პროექტის სულისჩამდგმელებს, Cipriani-ს, „ორბი ჯგუფს", „ბლოკ ჯგუფს", დიზაინერებს, არქიტექტორებს, ამ ძალიან დახვეწილი პროექტის შემუშავებისთვის და მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან - ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ ჩვენი ქვეყნის პავილიონში, რომელიც ქალაქ შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში იხსნება | მიხეილ ხიდურელი
04.11.2026.20:41
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ხიდურელი აცხადებს, გარდა იმპორტიორებისა, შეხვედრები გაიმართა სხვა დარგის კომპანიებთანაც.
“ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება. წელს საქართველო გამოფენაზე სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ეროვნული, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურასა და პოტენციალს წარმოაჩენს და ორი ბიზნეს პავილიონი. ჯამში გამოფენაში ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით 37 ქართული ექსპორტიორი კომპანია მონაწილეობს“ - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარდგება, სადაც ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ, რაც ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.