ComCom-ის მონიტორები საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა გადაამზადა
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგის კვალიფიციურად და მაღალი სტანდარტით ჩატარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგის ჯგუფის წევრებს ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ, რომელიც ორ ეტაპს მოიცავდა. ტრენინგები, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, „საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგების მიზანია, კომუნიკაციების კომისიამ, ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშებით, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, კონკრეტულ მაუწყებლებთან მიმართებით, თვისებრივი მედიამონიტორინგის კვალიფიციური შედეგებიც მიაწოდოს.
პირველ ეტაპზე ევროპის საბჭოს ექსპერტის, რასტო კუზელის მიერ კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლები, როგორც ტრენერები გადამზადდნენ და მიიღეს დეტალური ცოდნა მედიამონიტორინგის ევროპული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ. ექსპერტმა კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნო, რის მიხედვითაც ComCom-ის თანამშრომლები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მედიამონიტორინგის ჩატარებაში უკვე თავად გადაამზადებენ მონიტორებს.
ხოლო მეორე ეტაპზე, ექსპერტის ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით, ComCom-ის წარმომდგენლებმა მედიამონიტორები თვისებრივ მედიამონიტორინგში გადაამზადეს. ტრენინგების ფარგლებში როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდა და მონიტორებმა იმუშავეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სამართლებრივი ჩარჩო მედიის მიერ 2024 წლის არჩევნების გასაშუქებლად, რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი, მედიის მონიტორინგისთვის მონაცემთა მართვა და ანალიზი, ასევე ანგარიშების მომზადება. მონიტორებმა პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მიხედვით, პრაქტიკული დავალებებით ისწავლეს თვისებრივი ანალიზისას გასათვალისწინებელი გაშუქების სტანდარტები, მონაცემების აღრიცხვა, ანგარიშგება, ტონის შეფასება და პირდაპირი და ირიბი დროის დათვლა.
კომუნიკაციების კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 27 აგვისტოს დაიწყებს და 24 საათიან რეჟიმში, 55-მდე ტელემაუწყებელს დააკვირდება. რაოდენობრივთან ერთად, კი თვისებრივი მედიამონიტორინგი 7 მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდება. მონიტორინგის პროცესში 30-მდე სპეციალურად გადამზადებული მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება.
მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს. კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგი ორჯერ ჩაატარა, პირველად 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, ხოლო მეორედ 2021 წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826