ComCom-მა BTU-სა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის "ნამდვილი თუ მოგონილის?!" ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა. შეხვედრებს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თამარ კარბაია და მარიამ ბიბილაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს კონკურსის პირობები გააცნეს. სემინარის ფარგლებში, სტუდენტებმა შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ფოტო-ვიდეო მასალის ფაბრიკაცია და ამბის გადამოწმების მეთოდები.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი?!", რომელიც ახალგაზრდებში ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება, უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულ სტუდენტებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ. წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი ფორმატით, წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და ავტორებს MacBook Air 15.3"-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.
გარდა მაღალტექნოლოგიური პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826