ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კომპლექსურ კვლევაზე წარმოება დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოების ფარგლებში, დადგინდება არის თუ არა ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე დაბალკონკურენტული გარემო და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი საბითუმო ბაზრები წინასწარ რეგულირებას დაექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოვლინდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორი, რომელსაც სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისრება. ComCom-ის მიზანია ევროპულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, გააჯანსაღოს და გახსნას ტელეკომ ბაზარი და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანისა თუ ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნული პროცესის გავლა ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებით ნაკსირი ვალდებულებების შესრულებას.
2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility") ფარგლებში, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, აქტიურად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური მომსახურებების ბაზრების კვლევას მოიაზრებს. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი და გამოვლინდა პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებული შესაბამისი საბითუმო ბაზრები. აღნიშნულ ბაზრებზე კი, შეფასდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების არსებობა და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევის პროცესში, ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა. მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებაც სწორედ დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობასა და მათი კონსტრუქციული უკუკავშირის მიღებას ემსახურება.
წარმოების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია, მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, კონკურენციის კვლევის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს გამოაქვეყნებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული როგორც კვლევა, ასევე სპეციფიკური ვალდებულებებისა და მათი მნიშვნელობის საკითხი. პროექტის გამოქვეყნების შემდეგ კი, კომუნიკაციების კომისია გამართავს საჯარო კონსულტაციებს, რომლის ფარგლებშიც, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, დაინტერესებული მხარეები შეძლებენ თავიანთი მოსაზრებებისა და კომენტარების წარმოდგენას.
შეგახსენებთ, რომ კომპლექსური კვლევის პროექტი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ქართული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826