დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე - „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტები შემუშავებულია სარკინიგზო რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ სტანდარტებს უახლოვდება.
„კანონპროექტის მიზანია სარკინიგზო გადაყვანების დროს მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირება, ასევე, სათანადო მექანიზმების შექმნა აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სარკინიგზო დარგზე სახელმწიფო საზედამხედველო ფუნქციების ეფექტური განხორციელება და რკინიგზის სისტემის უსაფრთხოების გაძლიერება“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას.
მისივე თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება სახიფათო ტვირთით რკინიგზაზე გადაზიდვის ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთვის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.
კანონპროექტის შესაბამისად ასევე განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე ასევე წარადგინა სარატიფიკაციო დოკუმენტი.
კერძოდ, „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) (1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად)“ 2015 წლის AG 12/NOT/Add.1 და 2018 წლის NOT-18001-Ad.1 ცვლილებები“.
კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826