დასაქმების მიმართულებით ბიზნესის ადაპტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - ვახტანგ შურღაია
უცხოელთა დასაქმების მიმართულებით ბიზნესის ადაპტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და კომპანიები ახალ რეგულაციებთან ეტაპობრივად შესაბამისობაში მოდიან, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებებმა ბიზნესი მეტად ფოკუსირდა დასაქმების ფორმალური მოთხოვნების დაცვაზე, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასა და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობაზე, ხოლო კომპანიებს სრულად ადაპტაციისთვის ვადა წლის ბოლომდე აქვთ.
„ბიზნესი უფრო მეტად გადავიდა საქმიან პროცესზე და, ასე ვთქვათ, აქტიურად მიმდინარეობს რეკრუტირება. ამ ცვლილებებმა კომპანიები აიძულა, უცხოელთა დასაქმებისას მეტი ყურადღება დაუთმონ ფორმალური მხარის დაცვას. როგორიც არის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმასთან ადაპტაცია. ბიზნესმა ეს პროცესი უკვე დაიწყო. ვერ ვიტყვით, რომ ყველამ ერთბაშად აიტაცა ეს სიახლე, თუმცა წლის ბოლომდე აქვთ დრო, რათა ეტაპობრივად ყველა კომპანიამ მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხები“, - განაცხადა შურღაიამ.
სხვა სიახლეები
ინდექსაცია მოგვცემს საშუალებას, რომ საგარეო ვითარებიდან გამომდინარე ეს შოკები დასტაბილურდეს - ვახტანგ შურღაია
22.06.2026.19:30
„ზოგადად, ფასთა ინდექსაცია საინტერესო ინსტიტუტია, რომელიც ხელს შეუწყობს იმ გრძელვადიანი კონტრაქტების სწორად დასრულებასა და ორივე მხარის კმაყოფილებას, რომლებიც, ფაქტობრივად, შარშან დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამშენებლო სექტორზე გლობალური კრიზისებისა და ფასების ზრდის გავლენის შემცირებაში ფასთა ინდექსაციის მექანიზმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა და ფასების მატებამ, პირველ რიგში, უდიდესი გავლენა სამშენებლო სექტორზე იქონია. სწორედ ამიტომ, ფასების ინდექსაცია მოგვცემს საშუალებას, რომ საგარეო ვითარებიდან გამომდინარე ეს შოკები დასტაბილურდეს და ბიზნესს დაწყებული პროექტების ბოლომდე წარმატებით მიყვანის შესაძლებლობა მიეცეს.
თუმცა, აქ არის ერთი დეტალი, რომლის აღნიშვნაც მინდა, ფასთა ინდექსაცია ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაოები გეგმა-გრაფიკს მიჰყვება. თუ საგზაო სამუშაოების სპეციფიკას შევხედავთ, ხშირად გეგმა-გრაფიკის ზუსტად დაცვა საკმაოდ რთულია. ზოგჯერ კომპანიის შეფერხება გამოწვეულია, მაგალითად, არახელსაყრელი ამინდით, რის გამოც გეგმა-გრაფიკს ჩამორჩებიან. ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია არა ყოველთვიურ გეგმა-გრაფიკთან აბსოლუტური თანხვედრა, არამედ მთლიანად კონტრაქტის საერთო ვადაში ჩატევა. თუ პროექტი მთლიანობაში არ სცილდება ხელშეკრულების ვადებს და არ გვაქვს ვადაგადაცილება, მიგვაჩნია, რომ ფასთა ინდექსაციის წესი ამ შემთხვევებზეც უნდა გავრცელდეს“, - აღნიშნა ვახტანგ შურღაიამ.