დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს - ლევან მეხუზლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმოში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნენ.
2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღიდან დაიწყო.
მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.
„მოსახლეობა აქტიურად აბარებს დაზიანებულ ყურძენს. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ ხვალიდან კიდევ 2 ლოკაცია დავამატოთ. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი, განსაკუთრებით თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით დატვირთულია სოფელ აკურაში მდებარე სახელმწიფო საწარმო. ხედავთ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისი ინფორმაციით, გადამუშავებულია 11 ათასი ტონა ყურძენი და აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. სახელმწიფო საწარმოს მიერ ჯამში გადამუშავებულია 500 ტონა დაზიანებული ყურძენი.
„სამწუხაროდ, ის დაზიანებული ყურძენი, რომელიც საღვინედ არ გამოიყენება, სასპირტედ გადამუშავდება სახელმწიფო საწარმოში“ - დასძინა მეხუზლამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826