დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საჯარო დებატების გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების პროექტის მონაწილეთა ფინალური შეხვედრა გაიმართა. საჯარო დებატების საუკეთესო მომხსენებლებს სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ. პროექტში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დებატების კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ და სიტყვით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარე თინათინ ცერცვაძე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.
განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ დებატების პროექტი წარმოადგენს რიგით მეორე პროექტს, რომელიც ერთობლივად განხორციელდა სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ. ერთობლივი პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მოსწავლეების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე.
დებატების პროექტის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა იმსჯელეს განახლებადი ენერგიების განვითარების პერსპექტივებსა და აუცილებლობაზე, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე. მათ სემეკის წარმომადგენლების მიერ ჩაუტარდათ ტრენინგები და მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის როგორც მნიშვნელობის, ასევე საქართველოში ამ კუთხით განხორციელებული პროექტების, მსოფლიო გამოცდილების შესახებ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წაიკითხა საჯარო ლექცია განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ და უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ამავე შეხვედრაზე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ მოსწავლეებთან ერთად პროექტის მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.
სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტმა საჯარო სკოლის მოსწავლემ. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826