დავით ნარმანიამ WAREG-ის წარმომადგენლებს წყალმომარაგების სექტორში სემეკის სატარიფო რეგულირების საკითხები გააცნო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წყალმომარაგების საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სემეკის სატარიფო პოლიტიკისა და ხედვების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორისთვის სატარიფო რეფორმის მნიშვნელობასა და ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის აუცილებლობაზე, რომელიც სექტორის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს.
სემეკის წარმომადგენლებმა წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG) წევრებს წარუდგინეს ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის პროექტი, რომელსაც სხვადასხვა ევროპული მარეგულირებელი კომისიის მიერ დადებითი შეფასება მიეცა. შეხვედრაზე იმსჯელეს უცხოელი ექსპერტების სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებებზე და განიხილეს სატარიფო მიმართულებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება.
სემეკის მიერ შემუშავებული წყალმომარაგების ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც წარმოადგენს წყალმომარაგების სატარიფო რეფორმის მთავარ კომპონენტს, ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და მიზნად ისახავს წყალმომარაგების სექტორში როგორც ტექნიკური, ასევე კომერციული ხასიათის პრობლემების მოკლე დროში აღმოფხვრას.
WAREG წარმოადგენს წყალმომარაგების მარეგულირებელთა ევროპულ ქსელს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებსა და სამთავრობო უწყებებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. სემეკი ასოციაციის წევრი და დამფუძნებელია. სემეკთან ერთად ასოციაციის წევრ-დამფუძნებლები არიან ბელგიის, ირლანდიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826