დავით სონღულაშვილი და თორნიკე რიჟვაძე აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ, ზაზა შავაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.
„აჭარაში აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის დაბინავების პროცესი, რომელსაც ადგილზე გავეცანი. ამ ეტაპზე, 28 000 ტონაზე მეტი ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია სხვადასხვა ბაზარზე. კოორდინირებული მუშაობით მოსავალი სრულად იქნება დაბინავებული. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა ფერმერების მხარდასაჭერად არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტის როგორც წარმოებას, ასევე გადამუშავებას უწყობს ხელს. ვიმყოფებოდით გადამმუშავებელ საწარმოშიც, რომელიც ახლახანს გაიხსნა. მსგავსი საწარმოს ფუნქციონირება რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მხრიდან ფერმერების და მეწარმეების მაქსიმალური მხარდაჭერა გაგრძელდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის.
ხელისუფლების წარმომადგენლები ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში ,,შპს იბერია ორბის ციტრუსს“ იმყოფებოდნენ, სადაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმო 24 საათის განმავლობაში 120 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღება-დახარისხებას და პარაფინირებას ახორციელებს. მიმდინარე წელს, საწარმო 1000 ტონამდე სტანდარტული ციტრუსის მიღებას და ექსპორტირებას, ასევე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებას გეგმავს. გადამმუშავებელ საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ევროსტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.
დავით სონღულაშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ქარხანაც შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ დაათვალიერეს, რომელმაც ნედლეულის მიღება 30 ნოემბერს დაიწყო.
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს. შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს.
აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი გადამმუშავებელი ქარხანა შეუფერხებლად იბარებს.
დღეის მდგომარეობით, 28 ათას ტონამდე მანდარინის ექსპორტი უკვე განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; გადამუშავდა 5 400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც 1.9 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სფეროში პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10 წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას - ირაკლი კობახიძე
07.10.2026.12:20
ენერგეტიკის სფეროში ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას.
„ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკით ფუნქციონირებდა სისტემა, მთლიანობაში განხორციელდა სექტორის რეფორმირება, მათ შორის ოპტიმიზაცია განვახორციელეთ შესაბამის კომპანიებში. ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები. იყო დაჯავშნილი დაერთების ნებართვების პრაქტიკა, რაც მთლიანად აღმოიფხვრა, გაცემის ვადები იყო ხელოვნურად გაჭიანურებული და ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა. ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს პრაქტიკად მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მოხსნის ხელოვნურ ბარიერებს და დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი ფორმით.
პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი. დღევანდელი გენერაცია არის დაახლოებით 4800 მეგავატი და ჩვენი 10-წლიანი გეგმის მიხედვით, გენერაცია უნდა გაიზარდოს 11 500 მეგავატამდე, რასაც სჭირდება სწორი ხედვა, სწორი გეგმა და სწორედ ეს გეგმა შემუშავდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დასრულდა ერთი ქარის სადგურის და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
„წლის ბოლომდე დამატებით 6 ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, შედეგად უკვე წლის ბოლომდე დამატებით 300 მეგავატი შეემატება ჩვენს მთლიან გენერაციას. ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის. 20-ზე მეტი ასეთი პროექტი ხორციელდება ჯამური ღირებულება არის მილიარდ 800 მილიონი ლარი. ჯამში ეს ყველაფერი შეეხება 900 კილომეტრამდე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა 114 კილომეტრი მონაკვეთი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე, რასაც აქვს ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. გაფორმდა ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების მიწოდების და მონტაჟის ხელშეკრულება. მესტიის გამრიცხველიანება, ესეც იყო დაუძლეველი პრობლემა წლების განმავლობაში. დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა ქვეყანა ე.წ. მაინინგის გამო, ეს იყო უკანონო შემოსავლები. 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული მაჩვენებლებით 22 პროცენტით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მეტია შესამცირებელი და ეს შედეგი აუცილებლად გვექნება, როცა მთლიანად დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი მუნიციპალიტეტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.