დაზღვევის რომელ სახეობაში მოიზიდა სადაზღვევო ბიზნესმა ყველაზე მეტი პრემია
2024 წელს სადაზღვევო სექტორმა ყველაზე მეტი პრემია სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში მოიზიდა, სულ 533.8 მლნ ლარი. აღნიშნული მაჩვენებლები კი 19,4%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებზე, რა დროსაც სექტორმა სამედიცინო დაზღვევის კუთხით 446.87 მლნ ლარის პრემია მოიზიდა.
მოზიდული პრემიის მაჩვენებლებით დაზღვევის სახეობებს შორის მეორე ადგილზეა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა). დაზღვევის ამ კონკრეტულ სახეობაში სექტორმა 2024 წელს 256.3 მლნ ლარის მოზიდვა მოახერხა, 2023 წლის მაჩვენებელი კი 205.08 მლნ ლარი იყო, შესაბამისად ზრდა 25%-მდეა
2024 წელს სადაზღვევო სექტორმა ქონების დაზღვევის კუთხით 132.3 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც 2023 წელს ამ სეგმენტში მოზიდული პრემიის ჯამთან 4,8%-იანი მატებაა. 2023 წლის მაჩვენებლებით სადაზღვევო ბიზნესმა ქონების დაზღვევის კუთხით 126.29 მლნ ლარის მოზიდვა მოახერხა.
სიცოცხლის დაზღვევის კუთხით 2024 წელს მოზიდულმა პრემიამ 109.1 მლნ ლარი შეადგინა, 2023 წელს კი 89.59 მლნ ლარი, შესაბამისად ზრდა 21.7%-ია.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან იყო 1,259 მლნ ლარი, ხოლო 2023 წელს კი 1,064 მლნ ლარი.

სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826