დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივნისში გაყიდული ბინების რაოდენობა თბილისში წლიურად 54.4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი ახალ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ივნისი 2026” აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. მიწოდების მხარეს, ზედიზედ 8 თვიანი შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა, რაც აპრილის მკვეთრი ზრდის შემდეგ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.
,,2026 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების
რაოდენობამ 4,503 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 2,224 შეადგინა
(2026 წლის პირველ ნახევარში +16.2% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე
მაღალი თვიური ნიშნულია.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები
ახდენს, წლიურად 52.6%-ით გაიზარდა და 2,279 შეადგინა (2026 წლის პირველ
ნახევარში +19.1% წ/წ).
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც
პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივნისში
გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 54.4%-ით გაიზარდა, ნაწილობრივ
დაბალი ბაზის ეფექტის გამო. (2026 წლის პირველ ნახევარში +33.5% წ/წ).
2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22,799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა
და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+26.6% წ/წ). 2026 წლის ივნისში, ზედიზედ 8 თვის განმავლობაში შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად, წლიურად 225.3%-ით გაიზარდა (300,095 კვ.მ 29 საცხოვრებელ პროექტში) და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. ზრდის მიუხედავად, ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 7.3%-ით არის შემცირებული. 2026 წლის ივნისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვიურად 0.3%-ით გაიზარდა 1,417 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა და 1,345 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილში დაფიქსირებული მკვეთრი, 5.0% ზრდის შემდეგ ნაწილობრივ
სტაბილიზაციაზე მიუთითებს. 2026 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (+1.4% თვიურად), ქირის ამონაგებმა კი - 8.5%”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა - საქსტატი
03.08.2026.11:08
2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.5 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-12.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3 პროცენტი), თევზეული (-0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (2.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.7 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-6.4 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადსა (2.3 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (1.3 პროცენტი).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2026 წლის ივლისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.4 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.7 პროცენტი).