დღეიდან, ყაზახეთი და საქართველო საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონული გაცვლის საპილოტე რეჟიმს აამოქმედებენ
საქართველო-ყაზახეთის სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა.
კომისიის სხდომის ფარგლებში, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ბაკურ მიქაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე დასტან ჟუმაკულოვთან ერთად დეტალურად განიხილა ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.
წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები 2027 წლისთვის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართული მხარე ყაზახეთისგან მიმდინარე წელსვე მიიღებს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტების დამატებით რაოდენობას.
შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის ეტაპობრივ გაციფრულებას შეეხებოდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 ივლისიდან გადამზიდველებს სატესტო რეჟიმში შეეძლებათ ელექტრონული სანებართვო დოკუმენტებით სარგებლობა. აღნიშნული რეფორმა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სექტორში საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალი ეტაპია, რაც ზრდის გადაზიდვების ეფექტიანობას.
ორმხრივი კომისიის სხდომას, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ყაზახური მხარის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
18.09.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9911 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6071 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6071 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9911 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9927 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.