დღეიდან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს
დღეიდან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
ქალბატონი პრაისი თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიების შემუშავებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, კერძოდ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. ამასთან ერთად, იგი სამივე ქვეყანაში განახორციელებს საკრედიტო პორტფელისა და საკონსულტაციო სერვისების მართვას, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაციას და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობას ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, როგორც თანასწორობის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხის შემდგომ მხარდაჭერას სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, როლანდ პრაისს რუანდაში მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელის პოზიცია ეკავა.
როლანდ პრაისმა, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო როგორც იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა. ის მსოფლიო ბანკში სხვადასხვა ოპერაციულ თანამდებობაზე მუშაობდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორისაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, აფრიკა და სამხრეთი აზია.
ის ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკისა და მომპოვებელი მრეწველობის გლობალურ პრაქტიკაში ენერგეტიკის რეფორმაზე და რეგულირების საკითხებზე. პრაისს ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ოპერაციულ მენეჯერს ინდონეზიაში და როგორც მსოფლიო ბანკის ოფიციალურ წარმომადგენელს რუანდაში. ინდონეზიაში ის მართავდა სატრასტო ფონდის პორტფელს დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პორტფელს, რომლის მოცულობამაც პიკურ ნიშნულს - 7.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. რუანდაში საქმიანობისას, მისი ზედამხედველობით 60%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიქმნა კერძო სექტორის მტკიცე განვითარების რეფორმის პროგრამა და არსებითად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის საკითხებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუანდაში.
მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და ასევე გახლდათ ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი. როლანდ პრაისი ფლობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826