დღეის მდგომარეობით, ჩვენ მეტი განახლებადი რესურსი გვაქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებს - მარიამ ჩახვაშვილი
დღეის მდგომარეობით, ჩვენ მეტი განახლებადი რესურსი გვაქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.
„თურქეთზეც ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ იქ მშენებლობა მიმდინარეობს, თვითონაც აქვთ განახლებადების მშენებლობის ამბიციური გეგმა. ფაქტობრივად, იგივე არის ევროპის მიმართულებითაც.
წელს ევროპაშიც ჩანდა, მზის სადგურების ჭარბი მშენებლობის გამო, დღის საათებში დაკლებული ფასი, რაც ნიშნავს რეალურად ჩვენთვის, რომ ვაჭრობა საქართველო-თურქეთს შორის იქნება თუ საქართველო-ევროპის მიმართულებით განხორციელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასები იქნება მიმზიდველი. ანუ, ფასი, რა ფასად მიაწვდის საქართველო ევროპას, ეს იქნება გადამწყვეტი.
ჩვენ მეტი განახლებადი რესურსი გვაქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებში არის დღეის მდგომარეობით. აქედან გამომდინარე, არის მოლოდინი, რომ გვექნება რაღაც კონკურენტული უპირატესობა, თუმცა 3-4 წლის წინ ვიძახდით, რომ იქ დღის საათებში არის მაღალი ფასები და ჩვენ, თუ მზის სადგურებს ავაშენებთ, დღის საათებში გავიტანთ, მაგრამ იქაც ბოლო სამ წლის განმავლობაში იმდენი მზის სადგური აშენდა, რომ დღე-ღამური ფასები შეიცვალა. ანუ, ადრე თუ დღისით იყო მაღალი ფასი, ახლა აღარ არის ისეთი დიდი განსხვავება დღის და ღამის ფასებს შორის.
ამიტომ იქ დავრჩები, ჩვენ გავიტანთ თუ არა და სარფიანად გავიტანთ თუ არა, გადაწყვეტს იმას, რა ენერგეტიკული მიქსი გვექნება ჩვენ და რა ენერგეტიკული მიქსი ექნება ევროპას და რა ფასად მოხდება ტრანზაქცია.
თვითონ ტრანზაქციის ფასსაც აქვს მნიშვნელობა. იგივე წელს თურქეთთან ვინც ექსპორტს ახორციელებს, ანუ ხაზის მოსაკრებელს იხდის და გარკვეულ გადასახადებს - გარანტირებული სიმძლავრე იქნება ეს თუ ასე შემდეგ. ეს გადასახადები წელს რომ არ ჰქონოდათ, ბევრად მეტი გაიტანდა ექსპორტზე და, შესაბამისად, დაღვრა იქნება თუ გენერაციის შეზღუდვა, იქნებოდა ნაკლები. ანუ, შეიძლება ეს პოლიტიკაც გადასახედი არის, უნდა იხდიდნენ თუ არა ექსპორტიორები დამატებით სისტემურ მოსაკრებლებს“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდა
04.11.2026.13:43
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.
აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთის ბაზარს და იქ ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ცნობადობის ზრდას.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე, რაც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან რეგიონულ სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად აყალიბებს.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.