დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა, ბრიტანეთთან - პრემიერი
2012 წელს, მეგობრებო, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის; ესაა მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი.
„2012 წელს, მეგობრებო, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან. დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ბაზრების მოცულობა გაზრდილი არის 6.5-ჯერ. ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსნენებათ, რომ ევროპასთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობა და მოქმედებს ეს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე ჩინეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა, ბრიტანეთთან. შედეგად ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის; ესაა მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი.
ასევე ჩვენ წელს გავაფორმეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ესეც დამატებით 10 მილიონიანი ბაზარი დაემატება ჩვენს ქვეყანას. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კორეასთან, ისრაელთან და საქართველო რეგიონში დღეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ჩინეთთან ამავდროულად. ეს, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ბიზნესისთვის, რომ მათ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ და ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ვახდენთ და ვეხმარებით ჩვენს ბიზნესს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826