დღეს სახელმწიფოს მხარდაჭერა იგრძნობა, სხვანაირად ვერც განვითარდებით - Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი
Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორის, დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, დავით ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გამართული შეხვედრები დადებითი სიგნალია სექტორისთვის, რადგან სახელმწიფო უფრო აქტიურად უსმენს ბიზნესს და ინტერესდება მისი საჭიროებებით. ტყეშელაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სექტორს წინ მრავალი გამოწვევა ელოდება, კერძო სექტორი მზად არის ინვესტიციების განხორციელებისა და ენერგეტიკული პროექტების განვითარებაში აქტიურად ჩაერთოს, რათა ქვეყანაში გენერაციის ახალი შესაძლებლობები შეიქმნას.
„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოში და ქვეყანაში უნდა დადგეს დრო, როცა განხორციელდება სტრატეგიულად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთობას. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სექტორი - ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო ელექტროსისტემა - და ბიზნესი ერთად დგანან. სახელმწიფო მოდის, ელაპარაკება ბიზნესს, უსმენს და აინტერესებს, რა საჭიროებები დგას. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. აქედან გამომდინარე იგრძნობა სახელმწიფოს მხარდაჭერა. სხვაგვარად განვითარება შეუძლებელია. სახელმწიფომ, ბიზნესმა და სექტორმა ერთად თუ არ იმუშავა, ერთმანეთს თუ არ მოუსმინა და საჭიროებები არ გაიზიარეს, განვითარება შეუძლებელია.
იყო უძრაობის ხანა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვა მიმართულებით და სხვა დინამიკით მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოწვევები მრავლად იქნება და იქნება გადასაჭრელი პრობლემებიც, მაგრამ საქმე იქ ხდება, სადაც გამოწვევებიცა და პრობლემებიც ბუნებრივად არსებობენ. შესაბამისად, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ყველა ის ამოცანა, რაც დასახულია სახელმწიფოს მიერ ბიზნესთან და სექტორთან ერთად ქვეყნისთვის, უნდა შესრულდეს. ჩვენ, როგორც ინვესტორები და წარმომადგენლები, რომლებიც ვეხმარებით ბიზნესის განვითარებას და პროდუქტიულობის ზრდას, მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში და შევიტანოთ საჭირო ინვესტიციები.
ჩვენ, როგორც მზის სექტორის წარმომადგენლები და კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მზის ელექტროსადგურებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდებას მსხვილ და საშუალო ბიზნესს, გარკვეულ გამოწვევების წინაშე აუცილებლად დავდგებით, მაგრამ არსებობს გადაჭრის გზები, და მე იმედი მაქვს, რომ ამ გზებზე ერთად მივალთ“, - აღნიშნა Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილის ექსპორტს ახორციელებს
26.08.2026.11:00
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თხილის ექსპორტიდან 78 374.4 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 7 673.2 ტონა თხილი გაიტანა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 7 457.7 ტონა. შესაბამისად, საქართველოდან თხილის ექსპორტი 2.89%-ით გაიზარდა.
საქართველოში მოყვანილი და გადამუშავებული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილის ექსპორტს ახორციელებს:
• იტალია - 2 212.4 ტონა;
• სირია - 737.8 ტონა;
• ესპანეთი - 693.0 ტონა;
• საფრანგეთი- 460.8 ტონა;
• პოლონეთი - 423.7 ტონა.