დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს - ჯოზეფ ბორელი
,,ზოგი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელი წერს.
"უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 რაუნდი დააწესა. ზოგი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთი წლის განმავლობაში მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული კურსი", - წერს ჯოზეფ ბორელი ბლოგში.
"ჩვენი შემზღუდველი ზომები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რომლებიც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას.
ეს ზომები ახდენს მძიმე ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზის უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე", - ამბობს ბორელი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826