დიდ ბაზართან ურთიერთობა ყოველთვის დიდი წარმატების მომტანია - მიხეილ დუნდუა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე
ჩინეთიდან ინვესტიციების შემოდინების კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი სვლები და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ინვესტიციები შემოვა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიშა დუნდუამ განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანაში 40 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა და ეს მაჩვენებლები შემდგომ წლებში აუცილებლად გაიზრდება, რაც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესსაც წაახალისებს.
„მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის დიდ ბაზრებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მცირე და საშუალო ბიზნესს რაც უფრო მეტ ბაზრებთან აქვს წვდომა, მით უფრო ვითარდება. ჩვენთან ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით 2023 წლის სამ კვარტალში დაახლოებით 40 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ შემდგომ წლებში დარწმუნებული ვარ, რომ მაჩვენებელი იქნება გაზრდილი. ასე, რომ ჩინეთიდან ინვესტიციების შემოდინების კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი სვლები და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ინვესტიციები შემოვა. მეწარმეობის კუთხით კი ჩინეთთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს, როგორც მცირე ისე საშუალო ბიზნესის განვითარებას, დიდ ბაზართან ურთიერთობა ყოველთვის დიდი წარმატების მომტანია“, - აღნიშნა მიშა დუნდუამ.
მინისტრის მოადგილემ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებიც მიმოიხილა და თქვა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან არის გაძლიერებული.
„2017 წელს გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და თუ სავაჭრო მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩინეთში ექსპორტი 50%-ითაა გაზრდილი. ექსპორტის მაჩვენებელი 2022 წელს გაცილებით მაღალი იყო, მაგრამ ომმა და ამ მიმდინარე კატაკლიზმებმა ტვირთების გადაადგილების არქიტექტურა შეცვალა. მაგრამ მაინც, 2017 წელთან შედარებით 50%-ით მეტია ჩინეთში საქართველოდან ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერაა გაზრდილი, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2,5-ჯერაა გაზრდილი“, - აღნიშნა დუნდუამ.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ჩინეთთან ექსპორტის მიმართულებით წამყვანი ნედლეულის ექსპორტი იყო, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან ერთად დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო რთული პროდუქტები, სამრეწველო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი პროდუქციაც დაიკავებს მოწინავე ადგილს.
„ჩინეთი დიდი ბაზარია და შესაბამისად ღვინისთვის და ზოგადად ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებისთვისაც მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩინეთი არის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. 33 ტრილიონი დოლარია მისი ეკონომიკის მასშტაბი, როგორც ამას სსფ თავისი წინასწარი შეფასებით ამბობს. ჩინეთი პირველ ადგილზეა. 27 ტრილიონია აშშ, ანუ ჩინეთი 20%-ით მეტია მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. უდიდესი ეკონომიკა, უდიდესი ბაზარი, უდიდესი პერსპექტივა ეკონომიკური განვითარების კუთხით.
შუა დერეფანი და აბრეშუმის გზის მარშული, რომელიც საქართველოზე გადის განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს. ანუ გზა, რომელიც რუსეთს არ გაივლის და ისე გადააწყოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. საქართველოს აქ ცენტრალური ადგილი უჭირავს, ბუნებრივია რომ დიდი ტვირთნაკადებისათვის უნდა მოემზადოს ქვეყანა. ჩინეთი არის წამყვანი ამ მიმართულებით და საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანწილად შუა დერეფნის განსაკუთრებულ ფუნქციურ დატვირთვას და მის განვითარებას გულისხმობს.ამის გამოძახილი და ამის დასტურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რომელიც დიდ ეკონომიკურ სიკეთეებს მოიტანს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტროს მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826