დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ინგა ფხალაძე
„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.
მისი განმარტებით, ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი ჰიდრორესურსების თვალსაზრისით ძალიან მაღალია.
„დღევანდელი გენერაციის 80% მოდის ჰიდრორესურსებზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სისტემის სტაბილურობა, უნდა მოხდეს სისტემაში დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს სხვა წყაროების განვითარებასაც - ეს გახლავთ მზე და ქარი, როგორც პროცენტულად გადანაწილებული გვაქვს თანაბრად. თუმცა, არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალი, რასაკვირველია, აჭარბებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე უფრო მეტი გენერაცია მოდიოდა ჰიდრორესურსებზე. დიდი ჰესების წვლილი გენერაციაში არა მარტო საინჟინრო მნიშვნელობით განისაზღვრება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება იმ ჰესებით, რომლებსაც აქვთ რეზერვუარები" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვინაიდან სეზონურად ქვეყნის ჰიდროგენერაციის 80% მომდინარე წყალზე მომუშავე ჰესებზე მოდის, პიკური მოხმარების საათებში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი (დიდი) ჰესების არსებობა, რომლებიც სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
„იმისთვის, რომ პიკურ საათებში მოხმარების დაკმაყოფილება უზრუნველვყოთ და შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია გვქონდეს დიდი ჰესები. დიდი ჰესები უზრუნველყოფს იმას, რომ წყალუხვობისას რეზერვუარები ივსება, რაც შემდგომში პიკური მოხმარების დაბალანსების საშუალებას იძლევა ანუ ამ დროს იყენებ დაგროვილ ელექტროენერგიას და ამით იმპორტზე დამოკიდებულებას ამცირებ" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
სხვა სიახლეები
მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას - ინგა ფხალაძე
17.09.2026.20:13
„ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხედვას ეფუძნება 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მეგავატს უნდა მიუახლოვდეს.
„პარალელურად, მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას. საქართველოს ამისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი გააჩნია. დღეს სისტემას დაახლოებით 4780 მეგავატი დადგმული სიმძლავრე აქვს და აქედან 3500 მეგავატი ჰიდროენერგიაზე მოდის. შემდეგი კი გახლავთ მზე და ქარი, რომლებიც დივერსიფიკაციის გამოხატულება არის ენერგეტიკაში. დღეს გვაქვს 312 აქტიური პროექტი, რაც, ფაქტობრივად, 6000 მეგავატის სიმძლავრეს გულისხმობს, საიდანაც არის 1530 მეგავატი ჰიდრო, 2340 მეგავატი ქარი და 2090 მეგავატი მზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებას არ დაუთმობს" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.