ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ განსაკუთრებით მზის ენერგეტიკის მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება - მაია მელიქიძე
ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ განსაკუთრებით მზის ენერგეტიკის მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.
„ნამდვილად უმნიშვნელოვანესი თემაა, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი სწორედ ენერგეტიკაა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატისტიკის მაქსიმალურად გამოყენება და შემდეგ უკვე პროგნოზების განხორციელება.
ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში გარკვეულწილად გამოწვევების წინაშე ვდგავართ და, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ეს ენერგეტიკის იმპორტს უკავშირდება. თუმცა, არის პერიოდები, როდესაც ექსპორტის შესაძლებლობაც გვაქვს. აქ უბრალოდ კითხვა ისმის: რამდენად მისაღებია კერძო სექტორისთვის ის ფასი, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები ექსპორტთან მიმართებით გვთავაზობენ.
ასევე მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომლებიც დღეს უკვე გვაქვს. თქვენ სწორად აღნიშნეთ ის დიალოგი, რომელიც ჩამოყალიბდა და უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენს ასოციაციაში კერძო სექტორის დაახლოებით 60 წარმომადგენელია გაერთიანებული და ეს მაჩვენებელი, შემიძლია გითხრათ, თვიდან თვემდე იზრდება. ეს საინტერესო პლატფორმაა და სექტორის წარმომადგენლებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, პირდაპირ ესაუბრონ დარგის პოლიტიკის შემქმნელებს. შესაბამისად, ერთად ჩამოვყალიბდეთ იმ გრძელვადიან და მოკლევადიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ენერგეტიკის სექტორის განვითარებას წაადგება.
თქვენ ასევე აღნიშნეთ და ხაზი გაუსვით გარკვეულ კვლევებს, რომლებიც არსებობს. რეალურად, ჩვენ ორ მიმართულებას ვუყურებთ: რა არის უკვე გაკეთებული და რისი გაკეთება იგეგმება.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რაზეც უკვე მივიღეთ პასუხები. ჩვენ ვითხოვდით, რომ მემორანდუმებზე ხელმოწერის პროცესი დაწყებულიყო. სამინისტრომ საკმაოდ მტკივნეული პროცესი გაიარა, ვინაიდან უამრავი პროექტი იყო შესული. შესაბამისად, იმ პროექტებს, რომლებსაც გადამცემ და სადისტრიბუციო ქსელებთან მიერთების უფლება ჰქონდათ, მემორანდუმები უკვე უპრობლემოდ ეძლევათ. ვგულისხმობ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ მემორანდუმებს, რომლებსაც ქალბატონი მინისტრი აწერს ხელს.
თითქმის ყოველდღე ჩვენი წევრები იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მემორანდუმებზე ხელმოწერის პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ამ პროცესს სერიოზული გაფილტვრა დასჭირდა - მასში ჩართული იყო არა მხოლოდ ენერგეტიკის დეპარტამენტი, რომელიც ამ საკითხებს კურირებს, არამედ იურიდიული დეპარტამენტიც, ვინაიდან საქმე სამართლებრივ ჩარჩოსაც ეხება.
აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ განსაკუთრებით მზის ენერგეტიკის მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება. გვაქვს მცირე, საშუალო და მსხვილი პროექტებიც, მათ შორის გვყავს საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც წლიდან წლამდე ძალიან დიდი ინტერესით არიან ჩართულნი.
ამასთანავე, იზრდება დაკრედიტების მაჩვენებელიც. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ძალიან ამაყები ვართ, ვინაიდან ის ინვესტიციები, რომელთა შემოსვლაც უცხოეთიდან გარკვეულწილად შეფერხდა, შიდა რესურსების გამოყენებით იქნა ათვისებული.
რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი გამოწვევა აქვს, მათ შორის კალკულაციასთან დაკავშირებით. თქვენ Galt & Taggart ახსენეთ. საქართველოს ბანკის ჩართულობა ამ მიმართულებით საკმაოდ სწრაფად იზრდება. მწვანე პორტფელი იზრდება როგორც საქართველოს ბანკში, ისე თიბისი ბანკსა და პროკრედიტ ბანკში - ანუ იმ ბანკებში, რომლებიც ბაზარზე აქტიურად არიან წარმოდგენილნი და ენერგეტიკის განვითარებას მხარს უჭერენ“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
სხვა სიახლეები
წყლის რესურსებთან დაკავშირებული კანონი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის განვითარებისთვის - მაია მელიქიძე
15.10.2026.11:20
წყლის რესურსებთან დაკავშირებული კანონი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ჩვენი სიძლიერე თქვენი დამსახურებაც არის, ვინაიდან თქვენ ხართ ის გამტარი საშუალება, რომლითაც ფართო საზოგადოებას ვეკონტაქტებით და ინფორმაციას ვაწვდით.
ნამდვილად, გეგმები საკმაოდ ამბიციურია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზოგადად სექტორი საკმაოდ დინამიკური და აქტიურია. პირველ ეტაპზე, რაც გვაქვს დღის წესრიგში, არის აქტიური კომუნიკაცია GREDA-ს კანონპროექტთან დაკავშირებით. მართალია, გამოწვევები საკმაოდ დიდია, მაგრამ ამ კანონპროექტის გარეშე, მისი მიღების გარეშე, ჰიდროენერგეტიკას ზოგადად განვითარება ძალიან გაუჭირდება და ეს არაერთგზის დამტკიცდა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ბუნებრივია, გასაკვირი არ იყო, მაგრამ ამის მტკიცებულებაა ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი ძალიან სერიოზული პოზიტიური დამოკიდებულება. ადრე ნამდვილად ასე არ იყო და ხშირი იყო პროტესტი ამ სექტორის მიმართ, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი იცვლება.
ამასთანავე, ემატება, რა თქმა უნდა, ჩვენი გააქტიურება სამეცნიერო თვალსაზრისით, კომუნიკაციის მიმართულებით. ყოველ წელს დავდივართ რეგიონებსა და რაიონებში და ვცდილობთ, აქტიურად გავააქტიუროთ მომავალი თაობა, განსაკუთრებით, რათა დაინტერესდნენ ენერგეტიკის სექტორით.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან კომუნიკაცია გვქონდა და ვნახეთ, რომ პირველ შემოხაზვაზე მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეს პირველი წელია, როდესაც ასე ხდება და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულოა. ამაში GREDA-ს წვლილიც არის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით 11-ივე რეგიონში სკოლის მოსწავლეებს - მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს. ვარწმუნებდით იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დარგია ენერგეტიკა და რას უზრუნველყოფს ის არამხოლოდ მათთვის, არამედ მათი რეგიონისთვის, რაიონისთვის და ზოგადად განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლებიც მიმდინარეობს. 2027 წელს უკვე მიღებული იქნება წყლის რესურსებთან დაკავშირებული კანონი, რაც ასევე პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის განვითარებასთან. ჩვენ კი ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც გვიკავია, და კიდევ უფრო გავაძლიეროთ.