ძალიან ძლიერია ტრადიციული ტურიზმი, თუმცა ასევე ექსპორტის კონტრიბუციაც იყო მაღალი - ოთარ ნადარაია ივნისის ეკონომიკურ ზრდაზე
ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა, რაც იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებლებია. თიბისის კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ აღნიშნული ზრდა დიდწილად განპირობებულია ტურიზმით და ასევე ექსპორტის მაჩვენებლებით.
„თიბისი კაპიტალის აგვისტოს პუბლიკაციის მიხედვით, თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით არამარტო ივლისში, არამედ აგვისტოშიც ძლიერი ზრდა ჩანს. 7,4%-ი რაც ჩვენ 2024 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ გვქონდა გვქონდა, დღევანდელი მონაცემებით უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა ჩანს. თუმცა ივლისის ეკონომიკური ზრდა, რაც საქსტატმა გამოაქვეყნა და 13%-ს შეადგენდა, მაინც უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენ ველოდით.
ეს წინასწარი შეფასებაა და როდესაც სექტორულ ჭრილში დავაკვირდებით, უკვე იქ გამოიკვეთება დეტალები. ძალიან ძლიერია ტრადიციული ტურიზმი, თუმცა ასევე ექსპორტის კონტრიბუციაც იყო ძალიან ძლიერი. იცით, რომ ფეროშენადნობებს ექსპორტში დიდი წილი აქვს და და ამანაც განაპირობა ზრდა, ისევე როგორც სხვა საექსპორტო პროდუქტებმა, რომელსაც დიდი ადგილობრივი კომპონენტი აქვთ“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826