ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება, ეს იქნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი | ლაშა აბაშიძე
ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება – ეს იქნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, უზბეკეთი „საქართველოს რკინიგზის“ სტრატეგიული პარტნიორია და მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის კუთხით ზრდის დადებითი დინამიკა ფიქსირდება.
„უზბეკეთი საქართველოს რკინიგზის მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს გვაქვს გაუმჯობესება, ტვირთის მოცულობა არის საკმაოდ გაზრდილი, შესაბამისად, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მომავალში, ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება – ეს არის ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტი.
საქართველოს დერეფნისთვის ეს იქნება საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ მოცულობა და გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შედეგად ეს სამი ქვეყანა ერთმანეთს დაუკავშირდება რკინიგზით და გადმოვა ჩვენს ქვეყანაში კასპიის ზღვის გავლით. ეს პროექტი ერთ-ერთი ისეთი პოტენციური პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთის მოცულობას ჩვენს დერეფანში“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პროექტი სავარაუდოდ 5 მილიონ ტონაზეა გათვლილი.
„ჩინური ინვესტიციაც არის საკმაოდ მოცულობითი ამ პროექტში და ეს განაპირობებს იმას, რომ ტვირთის ნაკადი ჩინეთიდან იქნება საკმაოდ მომატებული“, - აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
EBRD ხელს უწყობს ბულგარეთში განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას
12.10.2026.18:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კიდევ უფრო აძლიერებს ბულგარეთში განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ინვესტირებას მას შემდეგ, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დასრულდა. აღნიშნული მიღწევები EBRD-ის პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის, მარკ ბოუმენის, ვიზიტის ფარგლებში აღინიშნა. მათ შორისაა ქვეყნის აღდგენისა და მდგრადობის გეგმის (RRP) ფარგლებში განახლებადი ენერგიისა და ენერგიის შენახვის მიმართულებით ძირითადი პოლიტიკის სამუშაოების დასრულება და ბულგარეთის მთავრობასთან ახალი პარტნიორობის დაწყება კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების მოსამზადებლად.
ვიზიტის ფარგლებში ბოუმენმა მთავრობის წარმომადგენლებსა და კლიენტებთან ბატარეის ენერგიის შენახვის მიმართულებით დამატებითი პროექტები განიხილა. მსგავსი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ქსელის მდგრადობის გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის გამომუშავების შეზღუდვების შემცირებას და ბულგარეთის ელექტროენერგიის სისტემაში მეტი განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას. ვინაიდან ბულგარეთი მუშაობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაზე, განახლებადი ენერგია და ენერგიის შენახვის სისტემები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ელექტროენერგიის სექტორის დეკარბონიზაციაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ბულგარეთში ენერგიის ფასების შემცირებაში.
EBRD-მა და ბულგარეთის მთავრობამ ასევე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საფუძველს უყრის ბულგარეთის საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) პროექტების მომზადების მექანიზმის შექმნას. ინიციატივა ხელს შეუწყობს PPP პროექტებისა და კონცესიების მომზადებასა და განხორციელებას, კერძო კაპიტალის მობილიზებას და სატრანსპორტო და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის დაჩქარებას. თანამშრომლობის საწყისი მიმართულებები იქნება ტრანსპორტი და დაკავშირებადობა, ენერგეტიკა, სარწყავი ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ზონები.
EBRD ბულგარეთში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. ბანკმა ქვეყანაში 330 პროექტის ფარგლებში თითქმის 5.3 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა, განსაკუთრებული აქცენტით კერძო სექტორის განვითარებაზე, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაზე.