ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიმდინარე მსხვილი სტრატეგიული პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალ მოდელს.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, როლანდ პრაისსთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, სადაც დეტალურად განიხილეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოტენციური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაზაში.
„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე. სიღრმისეულად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებულ მოდელზე, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო და როგორ აპირებს შემდგომში ანაკლიის პორტის განვითარებას. მოდელი პასუხობს იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არაერთ ქვეყანაში უშუალოდ პორტის ოპერირებისა და განვითარების ფაზაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განცხადებით, პორტის „ლენდლორდის" მოდელით განვითარება საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირებაში არაერთი სახელმწიფოს გამოცდილი კერძო ოპერატორის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა.
„მნიშვნელოვანია, რომ პორტი იქნება ქართული, საქართველოს მთავრობა განავითარებს პორტს, შესაბამისად ინვესტიციებსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუმცა აღნიშნული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირებაში ჩვენ შემოვიყვანოთ არაერთი სახელმწიფო ან არაერთი სახელმწიფოს გამოცდილი კერძო ოპერატორი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს სრულ მზადყოფნას და იმ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რომლებიც ამჟამად ანაკლიის პორტში უშუალოდ ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობის მიმართულებით სრულდება. ყურადღება გამახვილდა მომდევნო ფაზებზეც, რაც სამიმოსვლო და სარკინიგზო გზების ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით პროექტირება უკვე დასრულებულია.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის სრულ თანხვედრაში ვართ იმ გეგმა-გრაფიკთან, რომელიც გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკვე გეგმა-გრაფიკი ზედმიწევნით შესრულდეს, რათა 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე
10.08.2026.20:50
„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.