ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეწარმე ლაბორატორიულ შედეგს აღიქვამდეს არა როგორც ფორმალურ ცნობას, არამედ როგორც განვითარების ინსტრუმენტს - ნათია ცაბუტაშვილი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 32-ე დისკუსია „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები” გაიმართა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი ნათია ცაბუტაშვილი, სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე.
დისკუსიის „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, აგრეთვე ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოების შესაძლებლობებზე. განხილვის მნიშვნელოვანი მიმართულებები იყო აგრობიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების ეფექტიანობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და სექტორის მდგრადი განვითარების პერსპექტივები.
„ძალიან საინტერესო ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა აგრარული პოლიტიკის მიმართულებით. უამრავი საინტერესო საკითხი განვიხილეთ, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საექსპორტო ბაზრებზე და ჩვენს ხარისხს და რეპუტაციას ქვეყნისას მთლიანობაში გაზრდის.
მე წარმოვადგენ საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიას, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ამ ნაწილში. ის სერტიფიცირებულია ISO/IEC 17025 სტანდარტით და შეუძლია გასცეს 800-ზე მეტი აგრარული მიმართულებით სხვადასხვა სერტიფიკატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკონომიკის ნაწილში, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის განვითარებისთვის“, - აცხადებს ნათია ცაბუტაშვილი.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - თეგეტა ჰოლდინგი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, ალდაგი, ტასჰაბი, Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826