ძირითადი მაგისტრალები თითქმის უკვე გაწმენდილია, ვცდილობთ, მივიდეთ ყველა სოფლის ცენტრში, საიდანაც მერის წარმომადგენლები მოსახლეობას მედიკამენტებს და სურსათს მიაწვდიან - ლევან ჟორჟოლიანი
მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდა, აღარ თოვს, რაც ძალიან კარგია სტიქიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, შესაბამისად, სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური დანაყოფი ვერტმფრენის მეშვეობით აღმოუჩენს დახმარებას ადამიანებს, რომელთა სოფლებში მისვლაც ჯერ ისევ რთულია.
„ძირითადი მაგისტრალები თითქმის უკვე გაწმენდილია, რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, ეს არის შიდა სოფლის გზები, აქ მუშაობა ძალიან რთულია. ვცდილობთ, მივიდეთ ყველა სოფლის ცენტრში და ცენტრალურ ნაწილში, სადაც ძირითადად არის ხოლმე განთავსებული ადმინისტრაციული შენობები, როგორიც არის ბაღი, სკოლა, მოვახდინოთ ბაზირება, საიდანაც მერის წარმომადგენლები მედიკამენტებს და სურსათს მიაწვდიან მოსახლეობას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული რამდენიმე ტრაილერი, რომელიც ასეთ პირობებში აუცილებელია ", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826