Eagle Hills-ის დამფუძნებელთან გავცვალეთ შეთანხმებები, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს - მარიამ ქვრივიშვილი
„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში გამართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ავიაციის სფეროებში და ასევე ინვესტიციების დამატებით მოზიდვა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საამიროების პრეზიდენტთან ერთად EMAAR-ისა და Eagle Hills-ის დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის საქართველოში სტუმრობას, რომელიც, მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ინვესტორია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.
„ასეთი მოცულობის, ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი და ქვეყანაში არის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი. ვიზიტის ფარგლებში საამიროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების ზრდა საქართველოში, ისევე, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდა, რომ ორმა ქვეყანამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ერთმანეთთან და ჩვენი ეკონომიკა წლიდან წლამდე სტაბილურად და მდგრადად იზრდებოდეს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826