EBRD-ისთვის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილზეა - კატარინა ბიორლინ ჰანსენი
EBRD კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მეტი ინვესტიციებით, პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ჩართულობითა და რეფორმებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა, უკვე EBRD-ის მოლდოვის ოფისს ხელმძღვანელობს..
„ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერის კუთხით, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. დავეხმარეთ ადგილობრივ საბანკო სექტორს, რომ გამხდარიყო უფრო მდგრადი. ასევე, მოცულობითი ინვესტიცია განვახორციელეთ განახლებადი ენერგიის პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელეთ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს ჰყავს სოლიდური ბიზნეს საზოგადოება, რომელსაც აქვს განვითარების ძლიერი სურვილი, გაუმჯობესებული სტანდარტები და გამძლეობა.
ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მთავრობასთან. ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა ინვესტორთა საბჭო, რომელსაც ვმართავთ გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (UK Good Governance Fund) ერთად. ინვესტორთა საბჭო წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას ბიზნეს კლიმატის არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის და ის წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან საკვანძო რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესის ხელშესაწყობად“, - განაცახდა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა .
კატარინა ბიორლინ ჰანსენი Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან EBRD-მა 286 პროექტში 5 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. მისივე განმარტებით, ბანკი კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი ინვესტიციების უზრუნველყოფით, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობით.
კატარინა ბიორლინ ჰანსენი მიიჩნევს, რომ საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით. მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის პროგრამები, რომელიც გულისხმობს ჰესებს, მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826