EBRD-მა რუმინეთში განახლებადი ენერგიის მხარდაჭერისთვის €120 მილიონი გამოყო
EBRD-მა რუმინეთში განახლებადი ენერგიის მხარდაჭერისთვის €120 მილიონი გამოყო.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) რუმინეთის სუფთა ენერგიაზე გადასვლას 120 მილიონ ევრომდე ოდენობის დაფინანსების პაკეტით უჭერს მხარს. პროექტი ბრაშოვის რეგიონში 342 მგვტ სიმძლავრის მზის ფოტოვოლტურ ელექტროსადგურსა და მასთან დაკავშირებულ 150 მგვტ/300 მგვტსთ სიმძლავრის ბატარეების ენერგიის შენახვის სისტემას მოიცავს. პროექტი განახლებადი ენერგიის წარმოებას გაზრდის, ელექტროსისტემის მოქნილობას გააუმჯობესებს და რუმინეთის ენერგოუსაფრთხოებას გააძლიერებს.
დაფინანსება მოიცავს EBRD-ის A სესხს 57 მილიონ ევრომდე და EBRD-ის B სესხს 63 მილიონ ევრომდე. B სესხში შედის 3.6 მილიონი ევროს ოდენობის ვალის მომსახურების სარეზერვო მექანიზმი, რომელსაც კომერციული ბანკები - Privredna banka Zagreb და NLB უზრუნველყოფენ. პროექტის თანადაფინანსებაში ასევე მონაწილეობენ Black Sea Trade and Development Bank, OTP Bank და Exim Banca Românească, რის შედეგადაც პროექტისთვის უზრუნველყოფილი მთლიანი სავალო დაფინანსების პაკეტი 229 მილიონ ევრომდე იქნება.
ევროკავშირი EBRD-ის A/B სესხს მხარს უჭერს InvestEU-ის პროგრამის ფარგლებში გაცემული პირველი ზარალის გარანტიით, რომელიც 115 მილიონ ევრომდე დაფინანსებას ფარავს და პროექტის მიერ სავაჭრო ბაზარზე მიღებულ შემოსავალზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებით გამოწვეული რისკების შემცირებას უწყობს ხელს.
EBRD-ის ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ევროპაში, გიორგიოს გიაურისმა, განაცხადა: „Econergy-ის Părău 2-ის პროექტი რუმინეთის ენერგეტიკული ტრანზიციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე მზისა და ენერგიის შენახვის პროექტის დაფინანსებით, EBRD ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და უფრო მდგრადი და მოქნილი ელექტროენერგეტიკული სისტემის შექმნას. ევროკავშირის მხარდაჭერა InvestEU-ის მეშვეობით აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ საჯარო და კერძო პარტნიორებს მწვანე ტრანზიციის დასაფინანსებლად რესურსების მობილიზება.“
Econergy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეიალ პოდჰორცერმა, განაცხადა: „Părău 2-ისთვის 229 მილიონი ევროს დაფინანსების დახურვა Econergy-სა და რუმინეთის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. EBRD-ის ლიდერობა გადამწყვეტი აღმოჩნდა ექვსი საერთაშორისო კრედიტორისგან შემდგარი კონსორციუმის ჩამოყალიბებაში. დაფინანსების პირობები ასახავს მათ ნდობას ჩვენი მშენებლობისა და ოპერირების შესაძლებლობების მიმართ და გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპაში დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელებაზეც გადავიდეთ.“
პროექტი რუმინეთის Contract for Difference (CfD) სქემის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც EBRD-ის ტექნიკური დახმარებით შემუშავდა და 5 გგვტ სიმძლავრის მზისა და ხმელეთზე განთავსებული ქარის ენერგიის ობიექტების განვითარებას ისახავს მიზნად. მზის ელექტროსადგურმა პირველ აუქციონზე 125 მგვტac სიმძლავრის დაფინანსება მოიპოვა, ფიქსირებული ტარიფით — 49.4 ევრო/მგვტსთ, 15 წლის ვადით. დარჩენილი სიმძლავრე საბაზრო პირობებით, ანუ merchant basis-ზე, იმუშავებს.
ამასთან, Intesa Sanpaolo და Exim Banca Românească ერთობლივად უზრუნველყოფენ 25 მილიონი ევროს დღგ-ის დაფინანსების მექანიზმს და 9.5 მილიონი ევროს აკრედიტივის მექანიზმს, რათა პროექტმა Contract for Difference-ის ფარგლებში არსებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
მზის ენერგიის წარმოების ბატარეების ენერგიის შენახვის სისტემასთან გაერთიანებით, პროექტი ხელს შეუწყობს რუმინეთის ელექტროსისტემაში უფრო მეტი ცვალებადი განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას. ბატარეების სისტემა მზის ენერგიის გამომუშავების უფრო მაღალი მოთხოვნის პერიოდებში გადატანას უზრუნველყოფს და რუმინეთის დამხმარე და დაბალანსების მომსახურებებს გააძლიერებს. შედეგად, ელექტროსისტემა უფრო მოქნილი გახდება და პიკური დატვირთვის დასაფარად წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შემცირდება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც EBRD რუმინეთში აფინანსებს ჰიბრიდულ განახლებადი ენერგიის პროექტს, რომელიც მზის ფოტოვოლტურ ელექტროენერგიის წარმოებას და მასთან დაკავშირებულ ბატარეების ენერგიის შენახვის სისტემას აერთიანებს. ინვესტიცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მწვანე ტრანზიციასა და ენერგოუსაფრთხოებას და ამავდროულად განახლებადი ენერგიის ელექტროსისტემაში ინტეგრაციას გააადვილებს.
EBRD რუმინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია. ბანკმა ქვეყანაში დღემდე 600-ზე მეტი პროექტის ფარგლებში 12.7 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
21.08.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0585 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6125 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6125 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0585 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0545 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.004 ლარი შეადგინა.