ECB ენერგეტიკული რისკების გამო განაკვეთის შემდგომ ზრდას არ გამორიცხავს
ევროპის ცენტრალური ბანკის ორმა პოლიტიკის შემმუშავებელმა პარასკევს არ გამორიცხა საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდა იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული ენერგომატარებლების ფასების ზრდა გაგრძელდება და ევროზონაში სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც მოახდენს ზეწოლას.
გერმანიის ფედერალური ბანკის, Bundesbank-ის პრეზიდენტმა იოახიმ ნაგელმა განაცხადა, რომ ECB-ს შესაძლოა განაკვეთების ისეთ დონემდე გაზრდა დასჭირდეს, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას ზომიერად შეაფერხებს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ზომიერად შემზღუდველ ტერიტორიაზე გადასვლა მოგვიწიოს, თუმცა, როგორც ვთქვი, ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება ენერგომატარებლების ფასები და როგორ შეიცვლება ფასების საერთო დინამიკა, შესაძლოა, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში“, - განაცხადა მან ინტერვიუში.
ევროზონის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.25%-დან 2.50%-მდე გაზარდა, რითაც ის ნეიტრალური დიაპაზონის ზედა ზღვართან მივიდა ეს არის დონე, რომელიც, შეფასების მიხედვით, ეკონომიკურ აქტივობას არც ასტიმულირებს და არც აფერხებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინურ გიგანტ Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
16.09.2026.15:25
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მსხვილ ჩინურ ჰოლდინგ Shenzhen Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანიის პრეზიდენტმა, ვენ იუსიუენმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც Dabaihui Group-ის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს განიხილავს. თავის მხრივ, ჩინური მხარე მოამზადებს და წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებსა და საინვესტიციო შემოთავაზებებს განახლებადი ენერგიების ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე Shenzhen Dabaihui Industrial Group-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტები ლი შეთანგ და კუ ძუენქუეი და ბიზნესჯგუფის სხვა წარმომადგენლები.
Shenzhen Dabaihui Industrial Group (DBH) ჩინეთის გუანდუნის პროვინციასა და ქალაქ შენჭენში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესჯგუფია. 1994 წელს დაარსებული კომპანია დღესდღეობით 26 შვილობილ საწარმოს აერთიანებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ბიოტექნოლოგია და სასტუმრო ბიზნესი.