ეკატერინე გალდავამ IMF-ისა და სომხეთის ცენტრალური ბანკის რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
სომხეთის ქალაქ დილიჟანში გამართული სამდღიანი ფორუმი ცენტრალური ბანკის მმართველობას მიეძღვნა.
ფორუმის ორგანიზატორთა ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მექანიზმის შეფასების პოლიტიკის მიმოხილვის კონტექსტში, სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა ცენტრალური ბანკების უსაფრთხოების მექანიზმებისა და მმართველობის საკითხებში რეგიონული თემატიკის ჩართვის გაფართოებას.

ამ კონტექსტში ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ცენტრალური ბანკის საბჭოს როლი ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, ბანკის სტრუქტურა და მუშაობის მეთოდები, ხარისხიანი მმართველობის საკვანძო ფაქტორები, მათ შორის აუდიტის კომიტეტი, საკანონმდებლო ჩარჩო და საბჭოს სამდივნოები.
ფორუმმა 20-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს მოუყარა თავი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826