ეკატერინე მიქაბაძე - კორპორაციული ობლიგაციების ბაზარს საქართველოში შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ პანელურ ფორმატში საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდის პოტენციალზე ისაუბრა. პანელური დისკუსია, რომელშიც ეროვნული ბანკის გარდა "გალტ & თაგარტის", "თიბისი კაპიტალისა" და საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, „სელფი მობაილის“ მიერ განხორციელებული სადებიუტო 65 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით განთავსებასთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ინვესტორი, რომელმაც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებში განახორციელა ინვესტიცია, მათ შორის საპენსიო სააგენტოცაა.
"მიუხედავად იმისა, რომ კორპორატიული ობლიგაციების ბაზარმა ბოლო წლებში დიდი ზრდა გვაჩვენა და 2023 წლის ბოლოს 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ქართული კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში საბანკო სესხების ხვედრითი წილი კვლავ საკმაოდ მაღალია. კორპორაციული სეგმენტის საბანკო სესხებზე დამოკიდებულება გვხვდება მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებშიც. თუმცა, რომ შევადაროთ ევროკავშირში კომპანიების დაფინანსების ჭრილში საბანკო სესხებისა და ობლიგაციებით მოზიდული სახსრების მოცულობა, ობლიგაციების წილი ევროპაში საშუალოდ 24%-ს შეადგენს. შესაბამისად, კორპორაციული ობლიგაციების ბაზარს საქართველოში შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია", აღნიშნა პანელური დისკუსიის ფარგლებში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ლარის ობლიგაციების გამოშვებით კომპანიები სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შემცირებას შეძლებენ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ლარში დენომინირებული ფინანანსური ინსტრუმენტების ბაზრის განვითარება ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ეფექტურობასაც შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826