ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კერძო სექტორს პირდაპირ სესხებს, სინდიცირებულ სესხებსა და პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას შესთავაზებს - ირაკლი გაბრიაძე
ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კერძო სექტორს პირდაპირ სესხებს, სინდიცირებულ სესხებსა და პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას შესთავაზებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
„როგორც აღვნიშნე, რჩება ის მექანიზმები, რომლებიც აქამდეც გვქონდა. ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმი, საკრედიტო საგარანტიო სქემა და მიკროსესხების პროგრამა, რომელიც ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით რეგიონებში. გრძელდება გაფართოებული ფორმატით და მანდატით და ემატება ახალი ინსტრუმენტები.
ახალი ინსტრუმენტების მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმები და უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პირველი, მოდი, აღვნიშნოთ ექსპორტის მიმართულებით ახალი ინსტრუმენტები, რომ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ ქვეყნიდან ექსპორტი.
ამ კუთხით ჩვენ წინა თვეში დავამტკიცეთ ახალი პროგრამა. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას. ეს არის ტრანსპორტირება საექსპორტო ბაზრებზე და საექსპორტო ბაზრებზე დასაწყობება. 50%-იან თანადაფინანსებას ვთავაზობთ მეწარმეებს კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის დროს და ეს უკვე პირველი გადადგმული ნაბიჯია. მეწარმეებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ პროგრამით.
რაც შეეხება მეორე პროგრამას, რომელიც ასევე აღსანიშნავია და თქვენც თქვენს შესავალში ახსენეთ, კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებას, აქ ვიწყებთ საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერას. ეს პროგრამაც უკვე დამტკიცდა მიმდინარე თვის დასაწყისში და ჩვენ უკვე შემდეგი თვის შუა რიცხვებში გამოვაცხადებთ კონკურსს, იმისთვის, რომ შევარჩიოთ საინვესტიციო ფონდი და ფონდის მენეჯერი, რათა განვახორციელოთ ინვესტიცია აღნიშნულ ფონდებში.
ძირითადი მიზანია, რომ ფონდმა წილობრივი მონაწილეობის გზით დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს და არამხოლოდ, რათა განავითარონ საკუთარი წარმოება და გაზარდონ საკუთარი წარმოება.
ასევე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინიციატივა კაპიტალის ბაზრების მიმართულებით, ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარების კუთხით. მათ შორის, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შექმნის ფაქტორინგის პლატფორმას და წლის დასაწყისში, კანონის ამოქმედებასთან ერთად, შევთავაზებთ კერძო სექტორს ფაქტორინგის პლატფორმას.
ეს პლატფორმა კომპანიებს გაუმარტივებს ფაქტორინგის, როგორც პროდუქტის, გამოყენებას და ასევე ხელს შეუწყობს ფაქტორინგული კომპანიების ჩამოყალიბებასა და ბაზარზე შესვლის ხარჯების შემცირებას, რაც კიდევ ერთხელ მოახდენს იმ წყაროების დივერსიფიცირებას, რომლებსაც ბიზნესი იყენებს.
დაფინანსების მექანიზმების მრავალფეროვნება არის მიზანი და ამ მიმართულებით უნდა ვახსენოთ პირდაპირი სესხები, სინდიცირებული სესხები და პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, რომლებსაც კორპორაცია შესთავაზებს კერძო სექტორს, იმისათვის, რომ განხორციელდეს პროექტები - ისეთი პროექტები, რომლებსაც აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი, რომლებიც არიან ინოვაციურები, ქმნიან მაღალ დამატებულ ღირებულებას ქვეყანაში და აღრმავებენ ღირებულებათა ჯაჭვს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი შემდეგ ითარგმნება სამუშაო ადგილებში, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებში და იმ კეთილდღეობაში, რომელიც იზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.
სხვა სიახლეები
მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა | საქსტატი
23.10.2026.11:09
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2 პროცენტით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7 პროცენტი).
2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.0 პროცენტით.