ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ისე მთლიანად ეკონომიკას - ირაკლი გაბრიაძე
2014-2025 წლებს თუ შევხედავთ, 3.3-ჯერ გაიზარდა მშპ და 100 მილიარდ ლარს გადავცდით - ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი გვაქვს საშუალოდ 9.3%, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის, კორპორაციისთვის წარდგენის დღე, სადაც ფართო საზოგადოების წინაშე წარვსდექით. პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა წარუდგინეს საზოგადოებას კორპორაცია და შემდეგ გადავედით უკვე კონკრეტულად პრეზენტაციაზე, სადაც მიმოვიხილეთ ის შედეგები, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ, და ის სამომავლო ხედვები და გეგმები, რაც გვაქვს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან, როცა შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და სახელმწიფომ პირველად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად სხვადასხვა მექანიზმები შექმნა, ამ პერიოდში ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. სააგენტოს ფარგლებში და მხარდაჭერის ფარგლებში 20 000-ზე მეტ მეწარმეს დავეხმარეთ, ამ პროგრამების ფარგლებში 8.5 მილიარდი ლარის ინვესტიციას შევუწყვეთ ხელი და დასაქმდა 90 000-ზე მეტი ადამიანი, ანუ შეიქმნა 90 000 ახალი სამუშაო ადგილი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი გადაითარგმნა მაკროეკონომიკურ შედეგებში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. გაიზარდა დაახლოებით 4-ჯერ მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა, ასევე 140 000-ით გაიზარდა ჯამურად მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, გაორმაგდა ექსპორტი, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესი ახორციელებს, და ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით 900 ლარიდან 2700 ლარამდე, რაც თქვენც ახსენეთ. კონკრეტულად დათვლადი შედეგებია ნამდვილად.
ასევე უნდა შევხედოთ ეკონომიკის ზრდის ტემპებსაც. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის ტემპები გვაქვს. ასევე, 2014-2025 წლებს თუ შევხედავთ, 3.3-ჯერ გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი და 100 მილიარდ ლარს გადავცდით. ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი გვაქვს საშუალოდ 9.3%, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის.
სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ტემპების შესანარჩუნებლად საჭიროა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და სახელმწიფოს მეტი როლი მცირე და საშუალო ბიზნესის და მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად და ზუსტად ამიტომ გაფართოვდა მანდატი კორპორაციის.
კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ის მექანიზმები, რომლებიც გვქონდა აქამდე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რჩება და ემატება ახალი მექანიზმები, რომლებითაც შევუწყობთ ხელს მთლიანად ეკონომიკას და არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
სხვა სიახლეები
მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა | საქსტატი
23.10.2026.11:09
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2 პროცენტით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7 პროცენტი).
2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.0 პროცენტით.