ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - რეგიონული ბიზნესფორუმების სერია, რომელიც 2027 წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და რეგულარული პლატფორმა გახდება | ირაკლი ნადარეიშვილი
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ, მთელ რიგ ახალ მიმართულებებთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - რეგიონული ბიზნესფორუმების სერია, „ბიზნესის დღე", რომელიც პირველად ქალაქ ზუგდიდში იმართება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობს.
ბიზნესფორუმი ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში იმართება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „ბიზნესის დღის" ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეებისთვის მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი, მათ შორის, პრეზენტაციები, სამუშაო შეხვედრები, პანელური დისკუსიები და სხვა.
„მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მეწარმეებს ძალიან მრავალფეროვანი შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთი მხრივ, გაეცნონ ყველა იმ პროგრამას, ყველა იმ მხარდაჭერის და ხელშეწყობის მექანიზმს, რომელსაც ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და ზოგადად, სახელმწიფო აწვდის ბიზნესსექტორს. ასევე იქნება პანელური დისკუსიები, სადაც მოხდება გამოცდილების გაზიარება, წარმატებულ მეწარმეებთან შეხვედრა და ბევრი საინტერესო ღონისძიება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროექტი უკვე 2027 წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და რეგულარული პლატფორმა გახდება, სადაც ადგილობრივ კერძო სექტორს ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნება.
„ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთვის, ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ეს იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეხვდეს ბიზნესს, მოისმინოს მათი საჭიროებები და შესაბამისად, დაგეგმოს ის ფინანსური თუ არაფინანსური და სხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826