ეკონომიკის რომელ სექტორში აქვს საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი - Galt & Taggart
საქართველოს, ტრადიციულად, საქონლით საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს, რადგან საქონლის იმპორტი საქონლის ექსპორტს 2-3-ჯერ აღემატება.
2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 9.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18.3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1%-ით, რეკორდულ 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ასევე რეკორდული იყო იმპორტის მოცულობაც, რომელიც წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი სექტორი 15%-იანი წილით ვაჭრობაა და ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტიც ამ სექტორში ფიქსირდება. ამასთან, ბოლო 5 წლის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დეფიციტის 80%-ზე მეტს ვაჭრობის სექტორი განაპირობებს (ეს სექტორი მოიცავს ყველა სახის საქონლით საცალო და საბითუმო ვაჭრობას), სადაც დეფიციტმა 2023 წელს. 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თავის მხრივ, ამ სექტორში საგარეო სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამომხმარებლო საქონლით, ავტომობილებით და საწვავით ვაჭრობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი არ ნიშნავს რომ ეკონომიკაში დამატებული ღირებულება არ იქმნება. პირიქით, ვაჭრობის სექტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
ვაჭრობის სექტორის შემდეგ, ყველაზე დიდი საგარეო სავაჭრო დეფიციტი არის ტრანსპორტისა (-515 მლნ აშშ დოლარი) და მშენებლობის (-391 მლნ აშშ დოლარი) დარგებში. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.
ამასთან, არის დარგები, რომელთაც დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, ასეთია: სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა, პროფესიული & სამეცნიერო საქმიანობები და ელექტროენერგიის მიწოდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ელექტროენერგიის მიწოდების სექტორი, სადაც 2023 წელს საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა. აღნიშნული განაპირობა, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების კლებამ და შესაბამისად, იმპორტის შემცირებამ. ხოლო მეორეს მხრივ,საქართველოდან მზარდმა ექსპორტმა თურქეთის მიმართულებით, სადაც ელექტროენერგიის ფასი გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. თუმცა, ძირითადად ექსპორტის იმპორტზე უფრო სწრაფად ზრდის ხარჯზე მოსალოდნელია სავაჭრო დეფიციტის ეტაპობრივი კლება.
ცხრილი 1: წმინდა ექსპორტი ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826