ეკონომიკის სამინისტროს ახალ მენეჯმენტთან ყოველი შეხვედრიდან შეხვედრამდე ვხედავთ პროგრესს - მარიამ ჩახვაშვილი
ინვესტორების მხრიდან ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ ბევრად მომატებულია, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
როგორც Galt & Taggart-ის წარმომადგენელი აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის სექტორში გატარებული ახალი პოლიტიკის შედეგად ინვესტორების დაინტერესება გაზრდილია, რასაც Galt & Taggart-ში მომართვიანობის სტატისტიკაც ადასტურებს.
„მეტი დაინტერესებული მხარეა. უფრო მეტი ინვესტორია, მეტი ფიქრობს შემოსვლას სექტორში, მათ შორის, უცხოელებიც. ამიტომ მგონია, რომ მთავრობის აქტიურობამ ენერგეტიკის სექტორის მიმართ, ინვესტორების ინტერესიც გაააქტიურა“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
მისი განმარტებით, ახალი გუნდის პირობებში კომუნიკაცია უფრო გახსნილი გახდა და შეხვედრებს შორის პროგრესი აშკარად შეინიშნება.
„ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ახალი მმართველობა ბევრად უფრო ღიაა შეხვედრების მიმართ. პირადად არაერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, რომელზეც პირდაპირი კომუნიკაცია ხდება. რაც მთავარია, ვხედავთ შეხვედრიდან შეხვედრამდე პროგრესს - წინა შეხვედრებზე დაფიქსირებულ გამოწვევებზე შემდეგში უკვე გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული ან გადაწყვეტილებები არის მიღებული“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ წარდგენილ 10 წლიან სტრატეგიას, მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ამ გეგმას სექტორი დიდი ხანია ელოდებოდა.
4000 მგვტ-ის გაცხადებული პოლიტიკა ბევრისთვის პასუხი არის შეკითხვებზე. ვუყურებთ, რომ დაახლოებით ამდენი სიმძლავრე შევა სისტემაში, ამდენი გენერაცია გვექნება და იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი, რომელიც წლიურ ჭრილში დღეს 26%-ს შეადგენს, მზარდი მოხმარების პირობებშიც კი ეტაპობრივად შემცირდება,“ - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
სხვა სიახლეები
წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს - ლევან მოსეშვილი
28.07.2026.17:13
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას", – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტია.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში როგორც საავიაციო ჰაბი", – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.