ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, 367 დევნილ ოჯახს, წლების განმავლობაში ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება დაუკანონდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით 367 დევნილ ოჯახს, წლების განმავლობაში, მათ მიერ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული 409 უძრავ ქონება დაუკანონდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. საკუთრებაში გადაცემული ქონება მოიცავს საცხოვრებელ ფართებს და მიწის ნაკვეთებს.
მხოლოდ მიმდინარე, 2023 წელს საერთო ჯამში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 704 დევნილ ოჯახს 751 უძრავი ქონება გადაეცა. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით დევნილთათვის დაკანონებული უძრავი ქონება ამჯერადაც პრაქტიკულად, ქვეყნის ყველა რეგიონში მდებარეობს - თბილისში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.
დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია, მათ შორის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ქონების დაკანონების კუთხით. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობენ - ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე დევნილთათვის უძრავი ქონების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, წლიდან წლამდე უმჯობესდება დევნილ ოჯახთა როგორც საცხოვრებელი, ისე სოციალური პირობები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ საკითხზე მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826