მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

ეკონომიკის სამინისტროში აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარება განიხილეს

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს (USTDA) რეგიონულ დირექტორს შუა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და ევრაზიაში კარლ კრესს შეხვდნენ და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე, მისი განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, აგრეთვე ამ პროცესში ამერიკული სააგენტოს მიერ ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ შუა დერეფნის განვითარება და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სატრანზიტო სქემებში ინტეგრირება მთავრობის პრიორიტეტია. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ისეთი რეგიონული ინიციატივების განვითარების მნიშვნელობას, როგორიცაა CAREC (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა), TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფანი), ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი და სხვ.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედება გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბის განვითარებას. ასე პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის დასრულება, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის სრულად ამოქმედება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და სხვ. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდიან საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, აქცენტი გაკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარს დააკავშირებს.

აშშ - ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება იმ პროექტების მიმართ, რომლებიც მიმართულია შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაზე. ხაზი გაესვა იმ საჭიროებების გამოვლენას და მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ამ სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე ამ პროცესში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს გარდა, სააგენტოს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მოიცავს სამხრეთ კავკასიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის, აგრეთვე ბოსნია - ჰერცეგოვინაში არსებული შესაძლებლობების შესწავლას, რომლებიც მიმართული იქნება სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი, ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, აგრეთვე USTDA – ის თურქეთის ოფისისა და საქართველოში აშშ - ის საელჩოს წარმომადგენლები.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

09.10.2026.13:42

რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება 

თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა ბალანსმა 2026 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის 0.4% შეადგინა და, უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, პროფიციტში ნარჩუნდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო, ანუ უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების ჯამური შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. 2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე.

ამავდროულად, სახეზეა გარკვეული შენელებაც - მეორე კვარტლის პროფიციტი მხოლოდ მცირედით აღემატება პირველი კვარტლის იმავე მაჩვენებელს (მშპ-ის 0.1%), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია. ეს პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდების წლიურ ჭრილში ფაქტობრივად გაორმაგებას უკავშირდება, რამაც სხვა წყაროებით გაზრდილი შემოდინებები გადაფარა. ჯამურად, რეინვესტიციებისა და სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მშპ-ის 0.2% შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირებულ 1.3%-იან მაჩვენებელს შესამჩნევად ჩამორჩება.

თანხობრივად, იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 158 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა. აღნიშნულში მთავარი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა, ფულადმა გზავნილებმა და საქონლით ვაჭრობის შემცირებულმა დეფიციტმა შეიტანა. საპირისპირო მხარეს, გაიზარდა დივიდენდების გადახდა და შემცირდა ტრანსპორტირებისა და ტურიზმის წმინდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. 

უფრო დეტალურად, წლის პირველ ნახევარში ICT მომსახურების წმინდა ექსპორტი წლიურად 73%-ით გაიზარდა და ეკონომიკურ ზრდაში მთავარი კომპონენტის პოზიციაც შეინარჩუნა, თუმცა 2025 წლის მეოთხე კვარტლიდან, დაახლოებით, ერთ დონეზე ნარჩუნდება. წლიურად 11%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები, რაშიც უდიდესი წვლილიევროკავშირიდან და აშშ-დან გადმორიცხულმა თანხებმა შეიტანა, ხოლო საქონლის ექსპორტის მძლავრი დინამიკისა და, მეტწილად ავტომობილების იმპორტის კლებით გამოწვეული, იმპორტის შედარებით სუსტი ზრდის ფონზე, შემცირდა საქონლით ვაჭრობის დეფიციტიც. 

თავის მხრივ, დივიდენდების წმინდა გადინება 2026 წლის პირველ ნახევარში წლიურად 55%-ით გაიზარდა და 816 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. გარკვეული შემცირება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებშიც, ხოლო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები წლიურად 2%-ით შემცირდა. 

მიუხედავად ამისა, გასული ხუთი კვარტლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის ჯამურმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, 360 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც ლარის გამყარებასა და ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების აქტიურ დაგროვებას შეუწყო ხელი. თუმცა, რეზერვების დაგროვების უდიდესი ნაწილი ფინანსური ანგარიშის, კერძოდ კი ბანკების მიერ მოზიდული უცხოური დაფინანსების, ხარჯზე მოხდა.

ფინანსური ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ დაიხარჯა მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორ დაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან. თუ ფინანსური და მიმდინარე ანგარიშის ბალანსების ჯამი დადებითია, ეს სებ-ს სავალუტო რეზერვების დაგროვების საშუალებას აძლევს. 2026 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანაში ფინანსური ნაკადების წმინდა შემოდინებამ მიმდინარე ანგარიშის დადებით ბალანსზე მკვეთრად მეტი - დაახლოებით 0.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც სებ-ის მთლიანი რეზერვების რეკორდული, 969 მილიონი აშშ დოლარით ზრდა განაპირობა.

პირველი კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც პორტფელური შემოდინებების ძირითადი წყარო რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების გაყიდვა იყო, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ფინანსური შემოდინებები ძირითადად საზღვარგარეთ ახალი ვალდებულებების აღებას ასახავდა, რომლის მთავარი წყაროც ბანკები იყვნენ. ბანკებმა 2026 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთიდან სესხების, ობლიგაციებისა და არარეზიდენტების დეპოზიტების სახით  რეკორდული 921 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდეს, ხოლო უცხოურ აქტივებში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინების შემდეგ, ამ არხიდან ქვეყანაში წმინდა შემოდინებამ 664 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სებ-ის რეზერვების კვარტალური ნაზრდის ორ მესამედზე მეტია. თუმცა საბანკო ნაკადები ფინანსური ანგარიშის ყველაზე ცვალებადი კომპონენტია, რაც ნაწილობრივ ბანკების მიერ უცხოური ლიკვიდობის ბუფერების კორექტირებას ასახავს.

გარდა ამისა, მეორე კვარტალში 156 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა წმინდა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა რეინვესტიციების გამორიცხვით, ხოლო, ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესის შედეგად, არარეზიდენტების მიერ საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების შესყიდვამ მთავრობის მიერ საგარეო ვალის დაფარვას 57 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა. ამ ფონზე, ქვეყნის რეზიდენტებმა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი დააბანდეს უცხოურ აქციებსა და საინვესტიციო ფონდებში. ივნისის ბოლოსთვის, რეზიდენტების (მათ შორის ბანკების) მფლობელობაში არსებული უცხოური პორტფელური აქტივების ღირებულებამ, რომელიც 2022 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, 5.1 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ მშპ-ის 12.6%-ს მიაღწია.

ჯამურად, ვინაიდან გასული ხუთი კვარტლის განმავლობაში მთლიანი სავალუტო შემოდინებები გასავლებს აღემატებოდა, სებ-ის სავალუტო რეზერვები 2.6 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, საიდანაც მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსის წვლილი 0.4 მილიარდს უტოლდებოდა, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წვლილი 0.6 მილიარდს, ბანკების წვლილი 1.2 მილიარდს, ხოლო მთავრობის წვლილი 0.3 მილიარდ აშშ დოლარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეინვესტიციების გამორიცხვით მიმდინარე ანგარიშის დადებითმა ბალანსმა რეზერვებზე სავალუტო გადინებების ზეწოლა მოხსნა, ხოლო დამატებითი რეზერვების დაგროვება კაპიტალის, განსაკუთრებით კი საბანკო, ნაკადების ზრდის შედეგად გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ რეზერვების დაგროვება კვლავ გრძელდება. ეროვნულმა ბანკმა ივლისსა და აგვისტოში სავალუტო ბაზარზე დამატებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა, რის შედეგადაც, მთლიანი რეზერვები 8.1 მილიარდ დოლარამდე, წმინდა რეზერვები კი 5.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სარეზერვო ოქროს ფასის შემცირების მიუხედავად, ბოლო მონაცემებით, რეზერვების ზრდა გაგრძელდა სექტემბერშიც და მთლიანმა მოცულობამ 8.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის დონის 128.7%-ს უტოლდება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მესამე კვარტალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის ფონზე, რამაც რუსეთიდან და ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილებისსანქციებით გამოწვეული კლება დააბალანსა. ამ ნაკადის კუთხით, მოსალოდნელია, რომ შემოდინებები გაგრძელდება, თუმცა მათი ნაწილი სავარაუდოდ სხვა ფულადი გზავნილების სისტემებზე, ნაწილი კი სხვა არხებზე გადაინაცვლებს, ამიტომ გაურკვევლობის დონე მაღალია. ამავდროულად, ICT ექსპორტის მაღალი საბაზო ეფექტი და დივიდენდების გაზრდილი გადინება მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაზე, სავარაუდოდ, მცირედით უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზით, რეინვესტიციების გამორიცხვით მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წელს მშპ-ის 1.0%-ის ნაცვლად დაახლოებით 0.7-0.8%-ს გაუტოლდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: 

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007726-macro-update-georgia

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა