ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები, გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა $7.1 მილიარდი რაც ისტორიული მაქსიმუმია - პრემიერი
ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ თვეში ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. მთავრობის მეთაურმა ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გასულ თვეში ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. წლიურ ჭრილში ჩვენი სავალუტო რეზერვები გაიზარდა 52 %-ით. ეს არის ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგი. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს მათი ძალისხმევისა და საქმიანობისთვის. ასევე მათი საქმიანობის შედეგია ის, რომ ლარის კურსი გამყარდა გასულ თვეებში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთლიანობაში ეს ტენდენციები შევინარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე
10.08.2026.20:50
„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.