ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა რეგიონული და საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერებაზე.
შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის ზრდა წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის ფარგლებში კოორდინირებული მუშაობა და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა გადამწყვეტია ტვირთების სწრაფი და შეუფერხებელი ტრანზიტისთვის.
ყურადღება გამახვილდა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე. აღინიშნა, რომ პორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ასევე შუა დერეფნის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სინქრონიზებული განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ქართული მხარე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისთვის მნიშვნელოვან ინვესტირებას ახორციელებს, რაც გაზრდის გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს ტვირთნაკადების ეფექტურ გადაადგილებას.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო ავიაციის სექტორში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.
შეხვედრის დასასრულს, ქართულმა და ყაზახურმა მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ორივე ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანი ათვისებისთვის.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი
29.06.2026.20:04
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერა ხელი.
დოკუმენტებს ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა ხელი.
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდაზე.
მემორანდუმი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ციფრული ეკონომიკის, საჯარო ციფრული სერვისებისა და ციფრული სწავლების განვითარებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე ხელს შეუწყობს ქართული და ყაზახური სტარტაპებისა და IT - კომპანიების ურთიერთდაკავშირებას და გამოცდილების გაზიარებას.
ყაზახეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა ერბოლ მირზაბოსინოვმა და ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრმა ჟასლან მადიევმა მოაწერეს.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.