ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორეის ელჩს ჰიონდუ კიმის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორეის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰიონდუ კიმს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, სამოქალაქო ავიაცია, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა და სხვ.
მინისტრმა დადებითად შეაფასა კორეის მხარესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (EPA) ტექსტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა შედგება შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ. ხაზი გაესვა, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არა მხოლოდ გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს, არამედ ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე მოლაპარაკებებს ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 19 ნოემბერს თბილისში კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისი გაიხსნება, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ჩარტერული რეისების შესრულებამ ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადების ზრდას - 2024 წელს კორეის რესპუბლიკიდან ვიზიტორების რაოდენობა 79 პროცენტით, 2025 წლის ორ კვარტალში კი 15 პროცენტით გაიზარდა.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826